ქართული სილამაზის სიმბოლო - „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი“


ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა.

ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.

12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.

თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი - „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული“.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.

ფსიქიკური პრობლემები მას 24 წლის ასაკში დაეწყო და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა. „ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბო­ბს, რომ გაციებული ვიყავი და მენინგიტის შედეგად გავხდი ცუდად“, - ჰყვებოდა ლიკა ქავჟარაძე.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. ქართული სილამაზის სიმბოლო, ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში 2017 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.