არასრულწლოვანი თავდამსხმელებს გამოეკიდა და უყვიროდა მათ კი იარაღი ისროლეს - ყაჩაღობის კიდევ ერთი შემთხვევა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში ნიღბიან შეიარაღებულთა თავდასხმა ერთ-ერთ ოჯახზე წარუმატებელი აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ოჯახის წევრებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ოთხმა შეიარაღებულმა ყაჩაღმა სახლიდან მხოლოდ ცარიელი საფულე წაიღო. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა კომენდანტის საათი იწყებოდა.

თავდამსხმელებმა ოჯახი მას შემდეგ დატოვეს, რაც ჰაერში გასროლის შემდეგ მეზობლები გარეთ გამოვიდნენ. ოჯახის ერთ-ერთი არასრულწლოვანი წევრი თავდამსხმელებს გამოეკიდა და უყვიროდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა მის შესაშინებლად ჰაერში ორ-სამჯერ გაისროლეს.

''გავუწიეთ წინააღმდეგობა და გაიქცნენ და წავიდნენ... იმის თქმაც ვერ მოასწრეს რას ითხოვნდნენ..ორ წუთში გაიქცნენ.. გაისროლეს, მე მეზობელთან გავიქეცი, ბავშვი გამოეკიდათ და ისროლეს შესაშინებლად და გაიქცნენ წავიდნენ.. მე მოვასწარი თავის დაღწევა და გამოვიქეცი... მიმდინარეობს გამოძიება.. რა თქმა უნდა, შეშინებულები ვართ, ღამე ოთხი ადამიანი რომ შემოგივარდება იარაღით შეშინდები, აბა, რა იქნება'' - ამბობს დაზარალებული, ზაზა ლილუაშვილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.