სტუმრებს აცილებდა, რა დროსაც სახლთან მანქანა დაეჯახა - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი


ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტომანქანა საკუთარ სახლთან შეეჯახა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხდღიანი მცდელობების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეეჯახა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან სტუმრებს აცილებდა.

გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეჯახება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით, მძღოლი პოლიციაში თვითონვე გამოცხადდა. მას მსუბუქი სიმთვრალე აღენიშნებოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.