რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანებს?


დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, დიოსკორე იყო. მან ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა.

წმინდა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა.

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. შესაბამისად, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანების გამზადება წარმართულია. თუმცა, როგორც სასულიერო პირები გვასწავლიან, თუ ამ წესს, როგორც ტრადიციას ისე აღვიქვამთ, მაშინ მისი გამოყენება ცოდვად არ აღიქმება.

წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.