საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-ისა და „თელასს“ შორის დაძაბული გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ტიკურიშვილმა მეორე ტაიმში გახსნა და „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა.

„უნივერსიტეტელების“ რიგებიდან ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გიორგი ჩიმაკაძემ თამაშის განახლებიდან 15 წამში შეძლო თსუ-ის წინ გაყვანა, მაგრამ ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა.

თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მა 3:2 გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.

თსუ საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.