"ეს ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების შეურაცხყოფაა" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა


ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტვ. პირველის ეთერში განაცხადა.

აღნიშნულ კომენტარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი თქმით ბურჯანაძის ეს კომენტარი არა მხოლოდ კონკრეტული პირის არამედ ყველა სოფლად მცხოვრები მოქალაქის შეურაცხყოფაა.

"ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა "ლიდერების" განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.