2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვ.

სხვადასხვა დროს საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 700-მდე მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის: ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებათა დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.

პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.