პაციენტის დასახმარებლად, მაშველებმა და ექიმებმა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ სოფლამდე ორი კილომეტრი ფეხით იარეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.

Image may contain: one or more people, people standing, people sitting and outdoor

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სოფლამდე დარჩენილი მანძილის ქვეითად დაფარვა გადაწყდა. მაშველებმა, ექიმთან ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრი თოვლში ფეხით გაიარეს და პაციენტთან დროულად მისვლა მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა იგივე მანძილი კვლავ ქვეითად იარეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე 70 წლის მოქალაქე საკაცის საშუალებით მიიყვანეს.

პაციენტი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

Image may contain: one or more people, people sitting and outdoor