ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, მაყურებელი არ დაუშვან


მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სპორტულმა ღონისძიებამ, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან კოუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შესანიშნავი იქნებოდა გულშემატკივრების დასწრება, მათი ხმაური და შემართება, მაგრამ თუკი ერთადერთი გზა ღონისძიების დახურულ კარს მიღმა ჩატარებაა, ვფიქრობ, ამას ყველა მიიღებს“ - განაცხადა კოუმ.

იქამდე, გამოცემა The Times of London-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ პანდემიის გამო, იაპონიის მთავრობამ ოლიმპიადის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან, 8 აგვისტომდე ჩატარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი გამოვა.