ფიზიკური დასჯის შედეგები


სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი დღესაც კი, აღზრდის ფიზიკური დასჯის მეთოდს გამართლებულად მიიჩნევს, მეტიც, მშობელთა გარკვეული კატეგორია სავალდებულოდ მიიჩნევს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას აღზრდის პროცესში. შესაძლოა ხშირად მოისმინოთ შემდეგი ფრაზები: ,,მეც მცემდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ რა, ცუდი გავიზარდე’’ ან ,, ბავშვს ხანდახან უნდა წამოარტყა, რომ კარგის და ცუდის გარჩევა ისწავლოს’’, შესაძლოა ზოგიერთმა ასეც გიპასუხოთ ,, შიში შეიქმს სიყვარულსა’’.

ახლა კი განვიხილოთ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც ბავშვის ფიზიკური დასჯით შეიძლება მივიღოთ. ხშირად, მშობლები ვერც კი იაზრებენ ბავშვის ფიზიკური დასჯის შედეგების სიმძიმეს, რადგან ეს შედეგები ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს წლების შემდეგ და სრულიად სხვა ფორმით: ბავშვები ითვისებენ იმ პირობებს, რომელშიც იზრდებიან. თუ მშობელებს საკუთარი სიბრაზის გაკონტროლება არ შეუძლიათ, ამას არც ბავშვებისგან უნდა მოველოდეთ. უმჯობესია გავიაზროთ, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა ჩვენი თვითკონტროლის უკმარისობის ბრალია. ასევე ხშირად მშობლები წამორტყმას, ყურის აწევას, თმის მოქაჩვას და ა.შ არ თვლიან ცემად, ფიზიკურ ძალადობად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ემოციური და ქცევითი თვალსაზრისით, მსგავს ქმედებებსაც იგივე შედეგი მოჰყვება. რა შედეგებამდე მიდის ფიზიკური დასჯა:

  1. ბავშვი ტკივილთან ერთად გრძნობს წყენას, სიბრაზეს და იღებს ემოციურ ტრამვას; მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე.
  2. ბავშვის ცემით, მას ასწავლით, რომ თქვენი ეშინოდეს; ბავშვი ითვისებს ამ მოდელს და თავად სცემენ სხვა ბავშვებს, მოგვიანებით კი საკუთარ შვილებს.
  3. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი სწავლობს როგორ აიცილოს ცემა, ამიტომ სწავლობენ ტყუილის თქმას და განცდების დამალვას.
  4. ფიზიკური დასჯით ბავშვმა შეიძლება სერიოზული ტრამვა მიიღოს, რისი გამოსწორებაც ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.
  5. ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვის არასწორ სოციალიზაციას. ბავშვები, რომლებსაც სცემენ, აღარ სურთ სხვებთან ურთიერთობა, საკუთარ თავში იკეტებიან, ეკარგებათ ხალისი, უფრო ეგოცენტრულები, ანტისოციალურები და აგრესიულები ხდებიან.
  6. სოციალური ასპექტების გარდა, ფიზიკურ დასჯას გავლენა აქვს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზეც. 1998 წესლ მ. შტრაუსის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც სცემდნენ თავიანთ ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით გონებრივად ნაკლებად იყვნენ განვითარებული, შესაბამისად, IQ-ს მაჩვენებელიც დაბალი ჰქონდათ.
  7. ფიზიკური დასჯა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვაა. იგი რთულ და გრძელვადიან ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს. კვლევის თანახმად, ბავშვებში 2-7 % მენტალური პრობლემებისა გამოწვეულია, სწორედ, ფიზიკური დასჯით. გარდა ამისა, ფიზიკურმა ძალადობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სუიციდის, მკვლელობების და ცხოვრებისეული დისფუნქციების განვითარებას. შესაბამისად, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მომავალში უფრო მეტად მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევებისკენ. მაგალითად, პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე საშიში დამნაშავეების 70% გაიზარდა ძალადობრივ ოჯახში.

ხშირად ჩაეხუტეთ შვილებს და აჩვენეთ რომ ძალიან გიყვართ. გახსოვდეს არსებობს ცუდი საქციელი და არა ცუდი ბავშვი. ფიზიკური დასჯა კი მხოლოდ უარყოფით შედეგებამდე მიდის.