ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა


ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“ განაგრძობს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლოჩოშვილი ახალ გუნდში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ვოლფსბერგერის“ მთავარი მწვრთნელის ფერდინანდ ფელდჰოფერის თქმით, „ლუკა ახალგაზრდა მცველია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.

„მან საერთაშორისო დონეზეც დაამტკიცა თავისი კლასი და მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ“, - აღნიშნა მწვრთნელმა.

ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა „დინამოში“ დაიწყო. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 10 თამაში ჩაატარა, ბოლოს „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტირანასთან“ ითამაშა.