ადვოკატი: ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს


ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ახლა შევხვდები ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას“, - აღნიშნა კონდახაშვილმა.

მისი თქმით, ის ყველა სამართლებრივ სტრატეგიას და მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ საქმის აბსურდულობა დადასტურდეს. „სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ იყო გამოტანილი უკანონოდ. ვნახოთ როგორ განვითარებას ჰპოვებს პროცესი. უბრალოდ, ნათელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიიღება არა სასამართლოში, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ“, - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.