საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა


საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო _ 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.

ვინ იყვნენ იუნკერები

ქართველ იუნკერთა სასწავლებლის, უფრო ზუსტად კი, ქართული სამხედრო სკოლის შექმნის იდეა, მენშევიკური მთავრობის სამხედრო სამინისტროს ეკუთვნოდა. ამ იდეის გახორციელება იმ დროის ბრწყინვალე მხედართუფროსს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. სახელი "იუნკერები" სკოლის კურსანტებს რუსული არმიიდან ინერციით გადმოჰყვა. სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ.

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. ამის დასტურია 1920 წლის მაისის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმა. აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროშის აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. წითელ ხიდზე წამოწყებული იერიშის პარალელურად დაგეგმილი იყო ამბოხის მოწყობა თბილისშიც. გეგმის თანახმად, ბოლშევიკთა რაზმებს პირველ რიგში, სამხედრო სკოლა უნდა განეიარაღებინათ, შემდეგ კი, ხელში ჩაეგდოთ მთავრობა. ამ გაბედული გეგმის განხორციელება თავზეხელაღებულ ბოლშევიკს, სამეგრელოს წითელი რაზმების მეთაურს, საშა გეგეჭკორს ჰქონდა დავალებული. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. რამდენიმე ათეულმა ბოლშევიკმა თავდაპირველად მოახერხა მძინარე იუნკრების დატყვევება და იარაღის საცავის ხელში ჩაგდება. თუმცა, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის გამბედავი ქმედების შედეგად იუნკრებმა მალევე მოახერხეს გუშაგთა განიარაღება და კონტრიერიშზე გადასვლა. საბოლოოდ, სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. შეტაკების შედეგად მოკლეს 3 თავდამსხმელი, სამი დატყვევებული ბოლშევიკი კი, მეორე დღეს სკოლის ეზოში საჯაროდ დახვრიტეს. იუნკერთაგან დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი კურსანტი. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა. თუმცა, ნამდვილი დიდება ახალგაზრდა ოფიცერთა ქართულ სასწავლებელს ავადსახსენებელი 1921 წლის თებერვლის მიწურულს ელოდა.

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლები

სამხედრო სკოლამ საბრძოლო დავალება ახლად დანიშნული მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძისაგან 17 თებერვალს მიიღო. დავალების მიხედვით, ორ ათეულამდე ოფიცერს, იუნკერთა ასეულსა და ნაცვალთა ათასეულს, მოწინააღმდეგე კოჯორსა და შავნაბადას მონასტერს შორის არსებულ ფრონტზე უნდა შეეკავებინა. მებრძოლთა ეს რაოდენობა ამ მონაკვეთის ეფექტურად დასაცავად აშკარად მცირე იყო, მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ყველაფერი იუნკერთა სიმამაცესა და უნარზე იყო დამოკიდებული. იუნკერები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი "წითელი" იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალ კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე "მაქსიმისაკენ". მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა "მაქსიმის" ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა.

ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურელი იუნკერი, 22 წლის მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე იყო, რომლის მშობლიურ სოფელ სამებაში გადმოსვენება მთელმა სოფელმა1927 წელს ბოლშევიზმის პირსისხლიან ხანაში შეძლო.

მაშინ ლენინურმა რევკომმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირის ობელისკიანი საფლავის განადგურების დადგენილება მიიღო. ეს ამბავი შეიტყო სოფლის მაშინდელმა დირექტორმა სეფე ბურჭულაძემ, რომელმაც ღამით ყველა ფეხზე დააყენა. დილით კი სოფლის სასაფლაოზე მისულ ბოლშევიკებს სამასი კაცი დაახვედრა წინ. მომხვდურმა უკან დაიხია და საფლავი კიდევ ერთხელ გადარჩა. მისი განადგურების პირველი მცდელობა 1923 წელს იყო, როცა ბოლშევიკებმა საფლავის ობელისკი დაცხრილეს. მემორიალურ დაფას ტყვიის კვალი ახლაც ამჩნევია. როგორც ამბობენ, გასროლა სისასტიკით გამორჩეულმა წითელმა მეთაურმა ობოლაძემ მოახდინა. მასვე მიუღია "მტრების” ადგილზე დახვრეტის მანდატი, რასაც დიდი გულმოდგინებითაც ასრულებდა, თურმე. მოგვიანებით გურიაში ჩადენილ მკვლელობებისა და ხალხის აწიოკების გამო ობოლაძე ოზურგეთში მოკლეს.

ეროვნული გმირის საფლავის დაცვა ძალიან ძვირად დაუჯდა სოფელ სამების მკვიდრ მოსახლეობას, რომელიც ყოველ ჯერზე საშინელი რეპრესიებით ისჯებოდა. კონტრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით ბევრი დახვრიტეს, მრავალიც გადაასახლეს. ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს და სოფელი განახევრდა კიდეც, მაგრამ. ხალხის თავგანწირვას ღვთის სასწაულებრივი მადლი მოჰყვა და საფლავი გადარჩა.

გმირი

მაკარი ბურჭულაძე 1899 წელს დაიბადა. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და მტერს კოჯორთან დახვდა. აი რას წერდა იგი მამას ფრონტიდან:

"უსაშინლესი ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა.

მამა, შენ ხომ იცი ჩემი ხასიათი. საქართველოს მტრების სიძულვილი შენ ჩამინერგე ბავშვობიდანვე. საფუძვლიანად კი რუსეთში ყოფნისას შემძულდა იგი. ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ვნახოთ რას მოიტანს მომავალი.

იარაღი გვინდა, იარაღი! ცარიელი ხელებით რა უნდა გააკეთო. იყინება ყველაფერი. ქარბუქი ძვალსა და რბილში გადის. ტანსაცმელი მაინც გვქონდეს შესაფერი. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ.

დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არ დამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის.

შენი მაკარი, 22 თებერვალი, 1921 წელი”.

ორი დღის შემდეგ შეუპოვარ გმირს გულში ტყვია მოხვდა, რომელმაც ჯერ ჯიბეში შენახული დედის ფოტოსურათი გახვრიტა, თითქოს დედა შვილს წინ გადაეფარაო. მაკარის ოჯახს გვერდით მთელი სოფელი ამოუდგა. სეფე ბურჭულაძის ვაჟი ვლადიმერი კი მაკარის მამას ცხედრის მოსაძებნადაც გაჰყვა. იუნკერთა გაყინული სხეულები ძნელი ამოსაცნობი გამხდარიყო, მაგრამ მაკარი დედის ფოტოსურათით იცნეს და სოფელში გადაასვენეს. სამშობლოსათვის თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს. მადლიერმა თანასოფლელებმა გმირს სამმეტრიანი ობელისკიც დაადგეს, რომლის პატარა საცავში, როგორც რელიქვია, შეინახეს იუნკერის სისხლიანი ტანსაცმელი, წერილები და დედის ნატყვიარი ფოტოსურათი. მარმარილოს მემორიალურ დაფაზე კი შემდეგი წარწერა ამოტვიფრეს: "1899 / 5 / I - 1921 / 24 / II. აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი”.

მაშინ სოფლის სასაფლაოზე წმინდა სამების სახელობის ძველი ტაძარი იდგა. მაკარი მის გვერდით დაკრძალეს და ობელისკიც აღმართეს. ქვის სამმეტრიანი სვეტი ქვისავე ჯვრით გვირგვინდებოდა და ერთ პატარა საცავს ითავსებდა, რომელშიც წამებული იუნკერის პირადი ნივთები ინახებოდა. მემორიალური დაფის ზემოთ, სავარაუდოდ სახატე უნდა ყოფილიყო. ბოლშევიკების თავდასხმების შედეგად ჯვარი დამტვრეულია, სახატე ცარიელია, დაფა ნატყვიარია, ხოლო საცავი გაძარცული.

აღარც ის ძველი სამების ტაძარი დგას, რომელიც ბოლშევიკებს ჯერ უმღვდელოდ დაუტოვებიათ, მერე სატუსაღოდ გადაუქცევიათ და საფლავის დამცველები შიგ შეუყრიათ, ბოლოს კი მთლიანად დაუნგრევიათ.

წყარო : gurianews.com