3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება


დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს.

სხვათა შორის, 8 მარტი ისევ დღესასწაულად ქვეყანაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელსაც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
საქართველოში დღეს ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ - 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია რომ საქართველოში 23 თებერვლის გაუქმების შემდეგ, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მამაკაცებს ულოცავდნენ, ქართულ კალენდარში მათთვის მიძღვნილი არც ერთი დღესასწაული არ გაჩენილა.

როდის წარმოიშვა დედის დღე

დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები, თავიანთი ღმერთების დედას -კიბელას, ხოლო ძველი კელტები ქალღმერთ ბრიჯიტს.

ინგლისში ეგრეთ წოდებულ „დედის კვირადღეს“ მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.

აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.

სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან კი მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი კი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს.

დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.



წყარო : sputkin-georgia.com