დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე - ინტერვიუ ფსიქოლოგთან


აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება თანამედროვეობის ერთ-ერთი სენია, აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი.

რა იწვევს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ?

უკვე წლებია ვმუშაობ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე და მათ შორის ყოველგვარ დამოკიდებულებაზე. ძირითადად მიდრეკილებებს იწვევს ბავშვობის ტრამვები. თამაშზე დამოკიდებულება არის გამოწვეული 3 დან 6 წლამდე ასაკში მიღებული ტრამვებით.

რატომ 3-დან 6 წლამდე ასაკი?

სამი წლის ასაკში ბავშვი გამოყოფს თავის თავს სამყაროდან, უკვე ჩნდება სააკუთარი მე, რომელიც გამოეყო სამყაროს. უკვე აქვს საკუთარი სივრცე , თავისი საზღვრები და ზუსტად 3-დან 6 წლამდე უნდა სწავლოს თავისი საზღვრების დაცვა. ბავშვი თავის ძალებს სინჯავს, იგებს რა შეუძლია ან რა არ შეუძლია, და სწორედ ამიტომაა, ჯიუტი.

ამ დროს ძალიან დიდი ტრამვა შეიძლება მიიღოს ბავშვმა თუ მის პიროვნულ საზღვრებს უხეშად დაარღვევენ. აქ არსებობს ორი უკიდურესობა, როდესაც არ უყურებენ ბავშვს როგორც პიროვნებას და საჩუქარს ღმერთისგან, ხოლო მეორე, როდესაც დაუმსახურებლად აქებენ და არ აძლევენ საშუალებას თავად გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უკვე თავად შეუძლიათ.

სწორედ ამიტომ, ამ ასაკში მიღებულმა ტრამვებმა, უკვე ზრდასრულ ასაკში, შეიძლება გამოიწვიოს თამაშზე დამოკიდებულება. ის ადამიანი, რომელიც ჩართულია აზარტულ თამაშებში თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. კატეგორიულად მიუღებელია ვალის გადახდა, ვალების გადახდით ისინი უხანგრძლივებენ ავადმყოფობაში ყოფნის პერიოდს. თუ ადამიანს მთლიანად არ დაემხო თავზე მთელი სამყარო ვერ ფხიზლდება.

როგორია აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი?

აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი არის გაღიზიანებული, პატარა შემთხვევაზეც მძაფრი რეაქცია აქვს და მუდმივად დაძაბულია. დაძაბულობის მოხსნის გზა არის მოდუნება, რელაქსაცია, ამიტომ პირველი, რასაც ჩვენთან მოსულ ადამიანს ვასწავლით არის ჯანსაღი გზით დაძაბულობის მოხსნა.

ვაწვენთ ტახტზე და სრულ კუნთების მოდუნებას ვასწავლით, რათა შეძლონ მოწოლილ სურვილს ჯანსაღი გზით გაუმკლავდნენ. ასევე ვასწავლით აზრების დაიგნორება ანუ იგნორის ტექნიკას.

უშუალოდ პიროვნულად როგორია აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი?

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს, აღარ აქვს ინტერესი საპირისპიროს სქესის მიმართ. ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ ჩვენში ბუნებრივადაა ჩადებული, ინტერსის დაკარგვა კი ბუნებრივი კალაპოტიდან ამოვარდნას ნიშნავს. პიროვნება იშლება, პიროვნება დეგრადირდება. კარგავს იმ ფასეულობებს რაც მანამდე ჰქონდა, ფასეულობები პირველი ადგილიდან გადადის ბოლოს და პირველ ადგილს იკავებს აზარტული თამაშები. მშობლებთან აქვთ კომფლიქტი, ენგრევათ ოჯახები. კარგი თვისებები იძინებს მაგრამ არ იკარგება.

გონებრივ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე თუ მოქმედებს დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე?

კი, მოქმედებს რადგან ადამიანი არის მუდმისვ სტრესსა და დაძაბულობაში. ადამიანი სხეული და ფსიქიკა არის განუყოფელი, თუ ამას გაყოფ ადამიანი დაიღუპება. რაც ხდება სხეულში ის აისახება ფსიქიკაზე. როცა სხეული დაძაბულია, ფსიქიკური პროცესიც სპაზმშია, შესაბამისად ადამიანი ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას, ვერ სწავლობს და აქვს მეხსიერების პრობლემა.

რა დრო სჭირდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებლების მოხსნას?

ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ღვთის ხატი და მსგავსია. ყველა ადამიანში ღმერთია და იმ ღვთაებრივ ნაპერწკალს რაც ჩვენშია თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ვეღარ ეკონტაქტება. ეს ურთულესი სამუშაოა ფსიქოტერაპიულად, თუმცა თუ ადამიანი მოდის და მას ნამდვილად უნდა თავის დანებება, ჩვენ შედეგები გვაქვს. ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა სულ ცოტა ერთი წელი სჭირდება და მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ისევ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება.