ამ გადაწყვეტილების მიღება ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია - დეკანოზი ილია ჭიღლაძე განკვეთაზე


დეკანოზი ილია ჭიღლაძე, თავის განკვეთას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ეპისკოპოსს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ შეუძლია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტვილის კათედრალის ამბიონზე დღეს მიტროპოლიტმა სტეფანემ წაიკითხა თავისი ბრძანება არქიმანდრიტ ათინოგენეს მღვდლობიდან განკვეთისა და მონაზვნობამდე დაყვანის შესახებ. ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია სამღვდელო ხარისხიდან განკვეთოს პირი. ეს საეკლესიო კრების ფუნქციაა. სტეფანე უვიცია და უზურპატორი, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მისი თქმით, კართაგენის კრების XIV კანონით და ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონის განმარტებით, ამ ტიპის გადაწყვეტილება ეკლესიის მიერ მოწვეულ კრებაზე 5-მა ეპისკოპოსმა უნდა განიხილოს.

ამრიგად, არქიმანდრიტ ათინოგენეს უწმიდესი კრებები და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულება ანიჭებს კანონიკურ უფლებამოსილებას, წმინდა სინოდში უჩივლოს მიტროპოლიტ სტეფანეს, როგორც კართაგენის კრების დადგენილების დამრღვევს და გააპროტესტოს მომხდარი, რამეთუ, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავარი უნდა იყოს გარანტი წმიდა კანონთა ზედმიწევნით აღსრულება-დაცვისა, - წერს დეკანოზი.