უფლისციხეში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო


მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს.

სამშენებლო კონსტრუქციების მიტანა გვიან ღამით დაიწყო, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით.

ლამპიონები, ღამის განათებები, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს. ახალი ხიდი 2023 წელს იქნება მზად და არსებული გადასასვლელი ხიდის გვერდით დაიკავებს ადგილს.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე მისასვლელი ხიდი, რომლითაც ქვეითები და მძღოლები ამჟამად სარგებლობენ, XX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. 1986 წელს მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან. ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, შემოწმების დროს, ჩაინგრა, რის შედეგადაც სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა.

აღნიშნული ხიდის ახალი საგზაო-ინფრასტრუქტურული ობიექტით ჩანაცვლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.