მუმიების აღლუმი - 22 მუმია ძველი მუზეუმიდან ახალში, აღლუმის ფონზე გადაასვენეს


კაიროში 22 ფარაონის, მათ შორის ერთი ძლევამოსილი დედოფლის მუმიების მსვლელობა გამართეს;

ძლევამოსილი ფარაონების ნეშტები ძველი მუზეუმიდან ახალ ადგილას გადაასვენეს.

განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში, მუმიები ეტლებით კაიროში შვიდი კილომეტრის მანძილზე გაატარეს — ეგვიპტის მუზეუმიდან ახალ, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს.

„ფარაონების ოქროს აღლუმში“ მსვლელობით გაასვენეს 18 ფარაონი და ოთხი დედოფალი; ყველაზე წინ ყველაზე ძველ ფარაონს მიასვენებდნენ; ყოველი მუმია ძველეგვიპტურ სტილში გადაწყვეტილ სხვადასხვა ტრანსპორტში იყო მოთავსებული.

ქორეოგრაფიული ელემენტების შემცველი მსვლელობის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით.

პროცესია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და ახალ მუზეუმში მუმიები 21 მისასალმებელი გასროლის შემდეგ შეასვენეს.

შავდა და ოქროსფერში გადაწყვეტილი ეტლები სპეციალურად იყო აღჭურვილი, რათა მუმიები არ დაზიანებულიყო.

კაიროს ქუჩებში მსვლელობისას, მუმიები მოთავსებული იყო აზოტით სავსე სპეციალურ კონტეინერებში, ისეთ პირობებში, როგორიც მათ რეგულარულ საგამოფენო ყუთებშია.

ეგვიპტური ცივილიზაციის ახალი ეროვნული მუზეუმი ძველ კაიროში ააგეს, მოიცავს დაბალ, პრიალა ნაგებობებს, რომლებსაც თავზე პირამიდა ადგას.

მუმიები ლაბორატორიაში 15 დღის განმავლობაში გაივლიან აღდგენის პროცესს, შემდეგ კი ახალ სამყოფელში ინდივიდუალურად გამოიფინება.

ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმი ნაწილობრივი დატვირთვით 2017 წლიდან ამუშავდა, სრულად კი ახლა გაიხსნა.

უახლოეს მომავალში, ეგვიპტეში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაიხსნება, დიდი ეგვიპტური მუზეუმი გიზის პირამიდების სიახლოვეს.

ორივე მუზეუმში გამოიფინება ფარაონთა კოლექცია, მათ შორის სახელგანთქმული ტუტანხამონის განძი.

მუმიების აღლუმში მონაწილეობდნენ შემდეგ ფარაონები:

1. სეკენენრა ტაა,

2. დედოფალი იაჰმეს-ნეფერტარი

3. ამენჰოტეპ I

4. იაჰმეს-მერიტამონი

5. თუტმოს I

6. თუტმოს II

7. დედოფალი ჰატშეფსუტი

8. თუტმოს III

9. ამენჰოტეპ II

10. თუტმოს IV

11. ამენჰოტეპ III

12. დედოფალი ტიია

13. სეთი I

14. რამსეს II

15. მერნეპტაჰი

16. ფარაონი სეთი II

17. ფარაონი საპტაჰი

18. რამსეს III

19. რამსეს IV

20. რამსეს V

21. რამსეს VI

22. რამსეს IX