"თუ მთავრობას რაიმე ილუზია ჰქონდა, რომ ვინმეს დაავიწყდებოდა რურუას საქმე, მათ იმედები უნდა გავუცრუოთ"- სამადაშვილი


ევროპარლამენტარების განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს და სადაც ისინი საქარველოს მთავრობას მოუწოდებენ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, სრულიად იზიარებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

როგორც დეპუტატმა "ნიუპოსტს" განუცხადა, მოახლოებული არჩევნები საქართველოსთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის იქნება ტესტი და აუცილებელია მთავრობამ უზრუნველყოს მისი მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

რაც შეეხება ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეს ეხება, სადამაშვილი აღნიშნავს, რომ ესაა საკითხი, რომელიც მუდმივად დარჩება დღის წესრიგში და არავინ არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ის დავიწყებას მიეცა.

გული გვწყდება, რომ არ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, მაგრამ ეს შესაძლებლობა ოპოზიციას ხელისუფლებამ წაართვა, როდესაც გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა და დღემდე ასე გრძელდება.

თუმცა, თუ ჩვენს მთავრობას რაიმე ილუზია ჰქონდა, რომ ვინმეს დაავიწყდებოდა რურუას საქმე, არავის გაახსენდება, რომ ეს საქმე იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი, მათ იმედები უნდა გავუცრუოთ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ რომ ეს ასე არ არის და რურუას საქმე მუდმივად იქნება დღის წესრიგში"- განაცხადა სამადასვილმა.