საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ომეგა ჯგუფი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

personuser access_time10-10-2018, 18:46
„ომეგა ჯგუფი“ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
როგორ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ სახელისუფლებო გუნდის – როგორც აღმასრულებელი ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – მიერ კეთდება განცხადებები, თითქოს „ომეგა ჯგუფს“ არ სურს გადასახადების გადახდა.
„ამგვარი განცხადებები კეთდება იმ მიზნით, რომ გადაიფაროს მასმედიის საშუალებების მიერ გასაჯაროებული სკანდალური აუდიო ჩანაწერების მიხედვით გამოკვეთილი ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რასაც ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ.


ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ როგორც გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდან ჩანს, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ რიცხული გადასახადებით და მათი გადავადების თემით მანიპულირებდა თავად ხელისუფლება და გადასახადების გადახდის საშუალება განზრახ არ ეძლევა „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.


როგორც „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, „ომეგა ჯგუფს“ საგადასახადო ორგანოებისათვის თითქოსდა არა აქვს წარმოდგენილი გადასახადების გადახდის თავისი გრაფიკი, ხელისუფლების მიერ გაკეთებული ამგვარი განცხადება ისევე არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც ის, თითქოსდა „ომეგა ჯგუფი“ არ განიცდიდეს სახელისუფლებო ზეწოლას.


„დღეს გვინდა, გავასაჯაროოთ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და ბრიტანელ ინვესტორთა წარმომადგენლის – დევიდ ჰისის – მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან, შემოსავლების სამსახურის იმდროინდელ უფროს გიორგი თაბუაშვილთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან და ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან გაგზავნილი ოფიციალური წერილები. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ იმ ფაქტს, რომ ა.წ. მხოლოდ აგვისტოს თვეში გაგზავნილია 11 ამგვარი წერილი. იქიდან გამომდინარე, რომ „ომეგა ჯგუფი“ წარმოადგენს ბრიტანულ ინვესტიციას (კერძოდ კი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებულია 55 მილიონი ფუნტის ინვესტიცია), დიდი ბრიტანეთის საელჩოდან ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში, იმავე პერიოდში, გაგზავნილია დამატებით 14 კორესპონდენცია. აღარაფერს ვამბობთ 2017 წლის 25 აპრილს რესტრუქტურიზაცისათვის შეტანილ განცხადებასა და მას შემდეგ ფინანსთა სამინისტროსთან განხორციელებულ კორესპონდენციებზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა აღნიშნულ კორესპონდენციებში მკაფიოდაა მითითებული, რომ 2018 წლის სექტემბრიდან წლის ბოლომდე კომპანია „ოჯთ“ მიმდინარე და ვადაგადაცილებული გადასახადების ჩათვლით ბიუჯეტში გადაიხდიდა 10 მილიონ ლარამდე.
მიუხედავად იმისა, რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში 2020 წლამდე შპს „ოჯთს“ გაეყინებოდა ძველი გადასახადები, ხსენებული წერილებით ხელისუფლებას ჩვენ მაინც შევთავაზეთ, რომ 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ბოლომდე კომპანია „ოჯთ“ დაფარავდა ვადაგადაცილებული გადასახადებიდან 20 მილიონ ლარს, რომლიდანაც 11 მილიონი ლარი იქნებოდა კონკრეტულად გადასახადი, ხოლო ცხრა მილიონი ლარი კი საურავი”, – აღნიშნულია განცხადებაში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ „ომეგა ჯგუფის“ შეთავაზებაზე არც პრემიერ-მინისტრს, არც ვიცე-პრემიერს, არც ფინანსთა მინისტრსა და არც შემოსავლების სამსახურს პასუხი არ გაუცია.


„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ რეკომენდაცია გაუწია კომპანია „ოჯთის“ საგადასახადო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას, თუმცა ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციაც რეაგირების გარეშე დატოვა.

იმის გამო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ომეგა ჯგუფის თამბაქოს საწარმოს სრულიად უკანონოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს აქციზურ მარკებს, ართმევს მუშაობის საშუალებას და უპასუხოდ ტოვებს წელიწადნახევრის წინ შეტანილ რესტრუქტურიზაციის განცხადებას, კომპანიის მიმართ რიცხული საურავი ყოველდღიურად იზრდება და თვეში აღემატება 1 მილიონ ლარს, ხოლო კომპანიის პარალიზების შედეგად კი ბიუჯეტმა უკვე დაკარგა 5 მილიონ ლარზე მეტი.
გვსურს ასევე განგიმარტოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალურად მიმართა ფინანსთა სამინისტროს და გამოითხოვა რესტრუქტურიზაციისათვის „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს მიერ სამინისტროში შეტანილი დოკუმენტაცია და რესტრუქტურიზაციის კომისიის შესახებ ინფორმაცია. „ომეგა ჯგუფის“ თამბაქომ ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა თავისი ოფიციალური თანხმობა, რომ „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოსთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცემოდა სახალხო დამცველის აპარატს. სახალხო დამცველის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიერ დღემდე უგულებელყოფილია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია