საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"საშინელი ბულინგის მსხვერპლია, რადგან კლასელები "უშნოს" "საცოდავს", "რა გაცვია", "როგორ დადიხარ" და ათასი სიტყვებით ამკობენ"...

personuser access_time3-12-2018, 12:00


სოციალური ქსელის მომხმარებელი მაიკო ჩიტაშვილი სკოლაში ბულინგის შესახებ წერილს წერს. მისი თქმით, მის 12 წლის დისშვილს სასწავლო დაწესებულებაში პრობლემები აქვს, რის გამოსასწორებლადაც სკოლას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ეს პატარა მხატვარი გოგონა ჩემი დისშვილია. სამხატვრო სკოლის წარმატებული მოსწავლე. ბოლო თვეებია 12 წლის გოგონა საშინელი ბულინგის მსხვერპლია. სკოლიდან ტირილით ბრუნდება, რადგან კლასელები "უშნოს" "საცოდავს", "რა გაცვია", "როგორ დადიხარ" და ათასი სიტყვებით ამკობენ. ბუნებრივია მშობელი ცდილობს მოაგვაროს პრობლემა, მაგრამ ამით აგრესია ბავშვზე უფრო იზრდება.
ბავშვმა წონაშიც კი დაიკლო, მხოლოდ იმიტომ რომ კლასელები "მსუქანს" ეძახდნენ... მედიაციით არაფერი არ გამოვიდა, რადგან სხვა მშობლებმა არ ისურვეს პრობლემის მოგვარება!

დღევანდელი ფაქტი კი უკვე ყველა ზღვარს სცილდება! როდის უნდა მოეღოს ბოლო ასეთ უმსგავსობას!

თბილისის 158-ე საჯარო სკოლა, სკოლა რომელიც ყოველ დღე ვიდეოებს უძღვნის #არაბულნგსო იქნებ დაინტერესდეს და მეტად გაერკვიოს რა ხდება მის კედლებში" - წერს მაიკო ჩიტაშვილი.

"პრაიმტაიმი" დაუკავშირდა სკოლის დირექციას. დირექტორი, მაია მელქაძე აცხადებს, რომ საქმის კურსში მას შემდეგ ჩააყენეს, რაც სკოლაში ძმა და ნათლია მივიდნენ.

სკოლის გამგე ყვება, რომ რეაგირება მაშინვე დაიწყეს. მანამდე კი არც მანდატურებს და არც პედაგოგებს არასდროს შეუნიშნავთ, რომ მის მიმართ ვინმეს მსგავსი დამოკიდებულება გამოეხატა.

როგორც მაია მელქაძე ამბობს, მაშინვე დაიბარა აღსაზრდელის პედაგოგები და ბავშვზე ინფორმაცია შეაგროვა. ესაუბრა იმ მოსწავლეს და მის მშობელსაც, რომელსაც გოგონა ხელს ადებდა, თუმცა გოგონამ განაცხადა, რომ მათ შორის მხოლოდ უმნიშვნელო შელაპარაკება მოხდა.

"მასწავლებლებს გაკვეთილზე მსგავსი რამ არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ვინმეს ვინმე დაეჩაგრა და ასეთი სიტყვით მიემართათ. დავიბარე და რეკომენდაცია მივეცი, მისი წარმოჩინება გაგვეკეთებინა ისე, რომ მისი სახელი და ავტორიტეტი გამოჩნდეს და კლასისგან კარგი მხრიდან მიიქციოს ყურადღება. ურთიერთობების დეფიციტი აქვს ბავშვს, როგორც მასწავლებლებმა გამოკვეთეს. ძმას ვკითხეთ, რამე უნარი ხომ არ აქვს, რითაც შეიძლება წარმოვაჩინოთთქო და მითხრა კარგად ხატავსო. ამიტომ მოვიფიქრე, რომ ნახატების გამოფენა გაგვეკეთებინა მისი კლასის წინ. ასევე, მასწავლებლებს მივეცი რეკომენდაცია, გაკვეთილზეც მეტად წარმოეჩინათ მისი შესაძლებლობები, რომ მეტად გააქტიურებული და გათამამებულიყო. ასევე, ვუთხარი, რომ თუ მივხვდებოდი, რომ არასწორი მიმართულებით მივდივარ, მანდატურის სამსახურს აქვს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, ვურჩიე, თუ თქვენი სურვილი იქნება, ჩვენი რამდენიმე სკოლის მოსწავლე დადის ამ ცენტრში და თქვენც გაგიწევთ რეკომენდაციასთქო, ჩავრთოთ ფსიქოლოგებიცთქო.

რაც შეეხება იმ გოგონას, რომელსაც ხელი დაადო, ამ მოსწავლეს ძალიან დადებითად ახასიათებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. რასაკვირველია მე ამ მოსწავლეს და მშობელსაც ვესაუბრე. ვკითხე რა მოხდა, რატომ მივიდა სახლში ატირებულითქო, მოსწავლემ მითხრა, სპორტის გაკვეთილზე სტადიონზე ვიყავით, ჭიამაია დავინახე, ხელზე დავიდე და ბავშვებს ვაჩვენებდიო. მარიამთანაც მივიტანეო და მითხრა არ დამასვა შე საცოდავო, ხელი გასწიეო. მე ვუთხარიო, საცოდავი მე რატომ ვარ, შენ თვითონ ხარო. სულ ეს იყო ჩვენი სიტყვიერი შელაპარაკებაო.

მოგვიანებით, მარიამის დაწყებითი კლასის პედაგოგს ვესაუბრე და მითხრა, რომ ბავშვი ორი წლის მანძილზე ტიროდა, ძლივს შევიჩვიეო. სოციალურ გარემოსთან შეგუების პრობლემა აქვსო.

მერე გამომძიებლებიც მოვიდნენ, პოსტის საფუძველზე დაინტერესდნენ. მოვუყევი დეტალურად საუბრის შესახებაც და რა ინფორმაციასაც ვფლობდი. როგორც ვიცი, გოგონასთან საღამოს სახლშიც მივიდნენ.

ბავშვი დღეს სკოლაში არ გამოცხადდა. სასწავლო ნაწილმა დარეკა და დედამ განუცხადა, რომ სხვა სკოლაში სურთ ბავშვის გადაყვანა. რეაგირებისთვის არ მოიცადეს. რაც შეეხება პოსტს, პოსტი მანამდე ყოფილა დადებული, სანამ ჩემთან მოვიდოდნენ" - განუცხადა "პრაიმტაიმს" სკოლის დირექტორმა.

წყარო: primetime.geскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია