საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ინტელექტი“ ლალი ბაიაძის გარეშე რჩება - რამ აიძულა ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, როგორ შეხვდა მის განცხადებას კოლექტივი და საგანგებო თათბირი გორის მერის კაბინეტში

personuser access_time12-10-2018, 21:23
ლალი ბაიაძის “ინტელექტი“ შესაძლოა მალე მხოლოდ ნომერ 1-ელ ბაგა-ბაღად იქცეს . სხვა ხელმძღვანელით და ახალი გუნდით. დირექტორი, რომელმაც ამ დაწესებულებაში 20 წელი გაატარა, დღეს თანამშრომლებს და მშობლებს დაემშვიდობა. ამბობს, რომ საყვარელი სამსახურის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და აზრს არ შეიცვლის.

“მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე მომიწევდა აქაურობის დატოვება, მაგრამ ალბათ ესეც უნდა მომხდარიყო. მე არ შემიძლია ვიყო დირექტორი, რომელიც ბავშვებისთვის ღირებულს ვეღარაფერს გააკეთებს. მე ვერ ვიმუშავებ 4 შეკვრა ფანქრისა და ამდენიმე ქაღალდის პირობებში. ვერ ვიმუშავებ იმ ადამიანების გარემოცვაში, ასე რომ ვთქვათ 120 ლარიანი ახლადდანიშნული ადამიანების გვერდით, რომლებიც სააგენტოში დადიან და ამბობენ, რომ “ამ ქალთან ვერ იმუშავებენ“. მე ჩემი გუნდი მინდა, ჩემი შვილებივით გაზრდილი თანამშრომლები, რომლებსაც წასვლა აიძულეს, რომლებთან ერთადაც ზღვა ენერგიას ვხარჯავდი ახალი თაობის აღსაზრდელად“-ამბობს ლალი ბაიაძე.

ახალ სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღი “ინტელექტი“ახალი თანამშრომლებით შეხვდა. როგორც ირკვევა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც თბილისის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ექთნად მუშაობს, ბაღების მართვის საგენტოს ლალი ბაიაძესთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიებით მიმართა. ამ ამბავს მოჰყვა საგანგებო თათბირი გორის მერის კაბინეტში, რომელსაც კოტე თავზარაშვილის გარდა თავად ლალი ბაიაძე, ლია კოვზიაშვილი და მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ესწრებოდნენ. აქ გაჟღერებულმა შენიშვნებმა კი, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ფაქტი ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმაც დაადასტურა.

“დიახ, ნამდვილად მოხდა ჩემი, ქალბატონი ეკა სუხიშვილის, ბატონო კოტეს და ქალბატონი ლალის შეხვედრა, მერის კაბინეტში. სასაუბრო გვქონდა მის ბაღში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე. სხვა ისეთი საუბარი იქ არ ყოფილა, კიდევ გიმეორებთ და არც თითი არავის დაუქნევია მისთვის.უდაოდ კარგი მენეჯერია ქალბატონი ლალი, მაგრამ შეუცვლელი არ არსებობს ადამიანი “-განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

“არ ვიცი როგორ შეიძლება წარმოვიდგინო, რომ ორშაბათს მოვალ სამსახურში და აქ არ იქნება ლალი ბაიაძე. საამისოდ ფანტაზია არ მყოფნის“- ლალი ბაიაძის გადაწყვეტილებას “ინტელექტის“ თანამშრომლები ეხმაურებიან.

თითქმის 2 ათწლეულის თანამშრომლობის დასასრულის წარმოდგენა არ შეუძლია გუნდს, რომელიც “ინტელექტში“ ლალი ბაიაძესთან ერთად მოზარდი თაობის აღზრდას ემსახურება. მასწავლებლების თქმით, მიზერულ ხელფასს ყურადღებას, ხელმძღვანელის მიერ შექმნილი გარემოს გამო არ აქცევდნენ. ახლა კი, არ გამორიცხავენ, რომ სამსახური თავადაც დატოვონ.

“ლალი ბაიაძეს ჩვენ დედას ვეძახით. ყველაზე ცუდი რაცაა ეს არის ცილისწამება, არარსებულის მოგონება და დაბრალება ჩვენი ხელმძღვანელისთვის. ურთულესი პროცესი იქნება აქაურობასთან მის გარეშე შეგუება. მე მინდა ისეთ ძლიერ ხელმძღვანელთან მუშაობა, როგორიც ის არის. ჩვენ ვმუშაობთ მიზერულ ხელფასზე, მაგრამ ეს იმდენად აღარ გვახსოვს. აქ სხვა გარემო გვხვდებოდა, დირექტორი გუნდზე ზრუნავდა, ჩვენ კი ბავშვებზე და ეს გამოგვარჩევდა მუდამ ყველასგან “-ამბობს “ინტელექტის “ მასწავლბელი მაია ბერუაშვილი.

“ეს ბაგა ბაღი ქალაქში “ინტელექტის“ სახელითაა ცნობილი და ის ნამდვილად ინტელექტალური ბაღია. ნებისმიერ სკოლაში რომ მიბრძანდეთ და იკითხონ აქედან წასული ბავშვი როგორია, ადვილად მიხვდებით რა დონეზე მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი ჩვენს საბავშვო ბაღში. ქალბატონი ლალი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ის კოლექტივის თითოეულ წევრს გვერდში უდგას და რაც მთავარია თითოეული ბავშვი მის სულსა და გულში ზის. ჩვენგანაც ითხვს, რომ ისე მოვექცეთ ბავშვებს როგორც ამას იმსახურებენ- თბილად, გულწრფელად და ღიმილით. ის თანასწორი გარემოს შექმნას უზრუნველყოფდა წლების განმავლობაში, რაც ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია“-ამბობს კიდევ ერთი მასწალებელი თინა კვაღინიძე.

“ინტელექტის“ აღსაზრდელთა მშობლები, განცხადების დაწერას გეგმავენ, სადაც ხელმოწერებით, იმ ექთნის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც ლალი ბაიაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“როგორ შეიძლება ამ დონის მენეჯერის დაკარგვა. როდესაც გავიგე, რომ ის უნდა წავიდეს გავოგნდი, ეს როგორ შეიძლება სულ დაიშლება ეს ბაღი. ჩემი ორი შვილი დადიოდა და დადის აქ. რომ დაამთავრა ა უფროსმა შვილმა აქ სწავლა, ვერ შევარჩიე ისეთი სკოლა გორში, რა ცოდნითაც მიმყავდა იქ უფრო მეტი დახვდებოდა. ვნატრობდი ნეტავ ბაიაძემ სკოლაც გახსნას, რომ პირდაპირ იქ წავიყვანოა ბავშვი-თქო. რას გვიკეთებენ მშობლებს, არ უნდათ განვითარებული ახალგაზრდობა ყავდეთ“- ამბობს მშობელი ანა დარახველიძე.

“ძალიან ვღელავ, რადგან ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი. რადგან ჩვენ ყველა ვართ “ინტელექტელები“ რომელსაც მართავს ლალი ბაიაძე. ძნელია წარმოიდგინო მის გარეშე აქ ჩვენი შვილები როგორ იქნებიან, რა მეთოდით წარიმართება სააღმზრდელო პროცესი და ძალიან ვწუხვარ, არც კი ვიცი რა ვთქვა“-ასეთია კიდევ ერთი მშობლის ლიკა აწკარუნაშვილი აზრი.

რატომ გახდა საჭირო, ბაგა-ბაღის დირექტორის, მერის კაბინეტში დაბარების და რატომ არ მოხდა ეს შეხვედრა ბაღების მართვის სააგენტოში, ან საბავშვო ბაღში ამ საკითხის გარკვევას “დიანიუსი“ გორის მერთანაც შეეცადა, თუმცა კოტე თავზარაშვილმა მტელი დღის განმავლობაშ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება. 2020 წელს ბაღს ავტორიზაციის გავლა გაუჭირდება, რადგან შენობის ერთ ნაწილში გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანები ცხოვრობენ და შესაბამისად, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ლალი ბაიაძის ხელმძღვანელობის პირობებში საბავშვო ბაღის “ინტელექტი“ დახურვა მარტივი არ იქნება, ამიტომ, ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა.

სტატიის ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია