საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ზარდო“ და მისი იმედი ლუდა-ნიკა გაბლიშვილის ბლოგი

personuser access_time13-10-2018, 16:16


ეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებაა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი. მე ,,ზარდოს“ ვეძახი, ასე უფრო მომწონს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქაურობა თითქოს უფრო და უფრო დაპატარავდა. ერთ დროს 60 კომლიან ქართულ-ოსურ სოფელში ცხოვრებას, ახლა 15– მდე ოჯახიღა აგრძელებს.



ეს სოფლის შესასვლელია, ეს კი ხიდი, რომლის გავლის გარეშე სოფელში ვერ მოხვდები. აქვე, რამდენიმე მეტრში ჩემი სახლია. ჭიშკარს საღებავი გადააცალა დრომ და სიძველემ... ერთ დროს ეს კარი ვერცხლისფრად ბზინავდა და თითქმის არასდროს იხურებოდა.

აი ასე გამოიყურება სახლი, სადაც 30 წელია ვცხოვრობ.



ეს დამწვარი ოთახი ადრე ჩემი საძინებელი იყო. უკვე ათი წელია აქ აღარ მიძინია. ერთ დროს საყვარელი ოთახის კარს მხოლოდ მაშინ ვაღებ, თუ რუსული აგრესიის შედეგის ნახვა სოფელის სტუმრებს, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს სურთ.


ზარდიაანთკარი ე.წ. საზღვართან მდებარე ქართულ-ოსური სოფელია. გამყოფი ხაზის ერთ მხარეს ქართული პოლიცია, მეორე მხარეს კი რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ. სოფელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. სამი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო დანარჩენი მაროდიორებმა გაძარცვეს და დააზიანეს.


აქაურობა 2008 წლის ომის შემდეგ მთლიანად დაიცალა. მოსახლეობამ შიშის გამო სახლები დატოვა. ისინი საკუთარ კერას ეტაპობრივად, 2012 წლიდან დაუბრუნდნენ და ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დაიწყეს.
მე სოფელში ჩასვლა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიწევს, რადგან ჩემი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ. მათ სასოფლო - სამეურნეო საქმიანობაში ვეხმარები. კვირაში მხოლოდ ორი დღე მაქვს თავისუფალი, რადგან ჟურნალისტი ვარ და კვირის დანარჩენ დღეებს სამსახურში ვატარებ. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ზარდიაანთკარელების პრობლემების გაშუქება და ასეც ვიქცევი, თუმცა, სოფელში ომიდან 10 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. დამწვარი და დანგრეული სახლები, ტყვიისგან დახვრეტილი კედლები და უიმედოდ დარჩენილი ადამიანები - ასე შემიძლია აღვწერო ჩემი სოფელი, სადაც მოსახლეობა თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობს.



ახლა შემოდგომაა, სოფელში სეზონური სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები წუხან, რომ მოსავლის დაბინავების შემდეგ, მის რეალიზებას სასურველ ფასად ვერ შეძლებენ. წელს ხილზე მოთხოვნაც და ფასიც საგრძნობლად დაბალია. მათი ერთადერთი იმედი ჩვენი სოფლის მცხოვრები, ლუდაა.


ეთნიკურად ოსი ლუდა დოგუზოვა 55 წლისაა. ის ასევე ეთნიკურად ოს მეუღლესთან, ჟორისთან ერთად სოფლის თავში, ქართულ საგუშაგოსთან ცხოვრებს. ქართულ-ოსურ სოფელში დაახლოებით 36 წლის წინ დასახლდა და ადგილობრივებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
ლუდა დოგუზოვას მონახულება შემოდგომის ერთ სუსხიან დილას გადავწყვიტე და მისი სახლისკენ გავეშურე. ამასობაში მზემაც ამოანათა. ქარი ქრის, ხეებს კი ნახევრად გახუნებული ფოთლები ძირს სცვივა. ლუდას სახლისკენ მიმავალი გზიდან ვხედავ. ქალი ბაღშია და გულმოდგინედ მუშაობს – ხელში რკინის ჭურჭელი უჭირავს და ვაშლს კრეფს. ეზოს მივუახლოვდი, რკინის მძიმე ჭიშკარი შევაღე და დავიძახე. შუახნის ქალმა მუშაობა შეწყვიტა და ჩემკენ წამოვიდა. მისალმების შემდეგ, სახლში შემიპატიჟა. ლუდას და ჟორის ბინა პატარა, თუმცა კეთილმოწყობილია. სახლი ომის შემდეგ გაარემონტეს. ლუდამ ყავის მომზადება დაიწყო, წყალი გაზქურაზე შემოდგა და ჩემი კითხვების დასმამდე საუბარი თავად დაიწყო. მეუბნება, რომ ზამთარი ახლოვდება და მოსავალი ჯერ ისევ დასაბინავებელი აქვს. მერე საუბარს 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე იწყებს და და წუხს, რომ ქართველ თანასოფლელებთან ამდენი ხნის მანძილზე ნაშენები ურთიერთობები რუსეთ - საქართველოს ომმა დაუნგრია და მას ამ ურთიერთობების აღდგენა ხელახლა უწევს.

,,ომის შემდეგ ათი წლი გავიდა. ძნელი დასავიწყებელია 8 ავისტო და ის აგრესია, რამაც ქართველები და ოსები კიდევ ერთხელ დააშორა ერთმანეთს. მე სოფელში ხელახლა ვცდილობ ჩემს მეზობლებთან ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ მრავალი წელი გვაქვს ერთად გატარებული და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით“-ნაღვლიანი სახით მიყურებს ლუდა და ოთახში სიჩუმე ისადგურებს.

ლუდა ის ერთადეღთი ქალია, რომელსაც ჩვენს სოფელში ყველა იმედის თვალით უყურებს. სწორედ მას შეუძლია ე.წ. საზღვარი გადაკვეთოს და ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდეს. ამბობს, რომ მისი სახელი და გვარი იმ სიაში წერია, რომელიც რუსებს საგუშაგოზე აქვთ გამოკრული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაც არ უჭირს. ლუდას ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა დღეში მხოლოდ ორჯერ შეუძლია. თანასოფლელებს ხილის რეალიზაციაში ეხმარება, რადგან ფიქრობს, რომ ამ გზით მეზობლების კეთილგანწყობას და მათ ნდობას კიდევ ერთხელ მოიპოვებს და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენასაც შეუწყობს ხელს.
,,მე ძალიან მიყვარს ქართველები. ჩვენ ერთნი ვართ და არ მინდა ჩვენს შორის საზღვრები არსებობდეს“ - ამბობს ლუდა. ის ცხინვალში ყოფნისას, ჩვენი სოფლის მიწაზე მოყვანილი კულტურების განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებზე და ხარისხზე საუბრობს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველების სახელით, ოსებს ხილ-ბოსტრნეულს ჩუქნის და მეზობლებისაგან მოკითხვის წერილებს გადასცემს.
,,ცხინვალში ახლა უკვე კარგად მიცნობენ. მათ იციან, რომ ქართულ სოფელში ვცხოვრობ და ხშირად მეკითხებიან თუ რა მდგომარეობაა მავთულხლართების მიღმა. მე მათ ყველა კითხვას ამომწურავად ვპასუხობ და ვეუბნები, რომ ამის ნახვა მათაც შეუძლიათ და რომ იქ არავინ ერჩის ოსებს.“


მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში მოსახვედრად რთულ გზას გადის, ამბობს, რომ ამას სიამოვნებით აკეთებს, რადგან ადამიანური ურთიერთობები კონფლიქტის შესასუსტებლად და მოსახლეობის დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ოსი ქალი უკვე 4 წელია ცხინვალში, ქართველების მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას ეწევა.


,,ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ გვექნებოდა ნაპოვნი საერთო ენა, რომ არა მავთულხლართები და რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი ბარიერები. ტერიტორიები, სადაც ქართველები და ოსები ერთმანეთის მეზობლად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ორადაა გაყოფილი. ერთადერთი ადგილი, რომელსაც ძველი მშვიდობიანი მეზობლობის კვალი ეტყობა, სოფლის ცენტრში მდებარე სასაფლაოა, სადაც ოსებიც და ქართველებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან დამარხული“.



ავტორი: ნიკა გაბლიშვილი.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია