საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დირექტორი და სასაფლაო

personuser access_time15-10-2018, 01:07



მაია ტატულაშვილი ჩემი დირექტორია. ახალგაზრდა ქალი, ქერა თმითა და მუდმივად მომღიმარი სახით. ერთი შეხედვით უდარდელი და მეოცნებეა. ხშირად ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული ის ორგანიზაცია, რომლის მშენებლობაც ოთხის წლის წინ, ფაქტობრივად, ერთად დავიწყეთ. ტელევიზიას ვგულისხმობ, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი-„დია“ ჰქვია.

მაია თბილისში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ბავშვობა გორის ერთ-ერთ სოფელში, ქვეშში აქვს გატარებული. მისი მშობლიური სოფელი ახლა ის ბოლო წერტილია, სადამდეც ქართველი სამართალდამცველების იურისდიქცია ვრცელდება. ქვეშის შემდეგ სოფელი ზემო არცევი იწყება და იქ უკვე რუსეთის ჯარი დგას...

2008 წლამდე ზემო არცევის ხშირი სტუმარი იყო. იქ მისი უფროსი და, ეკა ცხოვრობს, რომელიც ეროვნებით ოს მამაკაცზე, დავით კაზიევზეა გათხოვილი. ქართულ-ოსური სოფლის მკვიდრი ის 2001 წელს გახდა და ახლა უკვე 16 წლის ვაჟიც ჰყავს. ეკა პროფესიით პედაგოგია. ქართულ ენას და ლიტერატურას ზემო არცევის სკოლაში ქართული სექტორის დახურვამდე აწავლიდა, შემდგომ კი ქვეშის საჯარო სკოლაში დასაქმდა.

მაიას და ეკას ოჯახები ერთმანეთს 2008 წლის ომამდე ხშირად სტუმრობდნენ. ომის შემდეგ, 2011 წელს გაჩნდა პირველი ხელოვნური ბარიერი ქვეშისა და ზემო არცევის გასაყართან. მაია ამბობს, სწორედ მაშინ მივხვდი, გამზრდელ დას რომ ვკარგავდიო...



რუსეთის საჯარისო ნაწილები ქვეშისა და ზემო არცევის გაყოფას მავთულხლართებით ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ახდნენდნენ. მაშინ მაის და ეკას შეხვედრები სულ უფრო ძნელდებოდა. მას ხშრად უნახავს უფროსი და მავთულხლართებზე შემოხეული კაბით და გაჭრილი ხელებით, ამღვრეული თვალებით და მაინც, ღიმილიანი სახით. ეკას ხელოვნური ბარიერების დაძლევის ორი მიზეზი ჰქონდა – ოჯახის წევრების ნახვა და საყვარელი საქმე. თუმცა, ადმინისტრაციული საზღვრის მშენებლობის დასრულებამ, ორივეზე უარი ათქმევინა...

„ქვეშის სკოლაში რომ ასწავლიდა, ყოველ დილით უწევდა საზღვარზე გადმოპარვა. სკოლაში მისვლამდე, მავთულხლართებზე შემოხეულ ტანსაცმელს დედასთან იცვლიდა. ეს არ იყო მარტივი სანახავი, თუმცა არ ვიმჩნევდით. არც ის იმჩნევდა და გვეუბნებოდა, მე ამაყი ვარ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლაში დედა ენას ვასწავლიო. ახლა საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებს. საზღვრის საბოლოოდ ჩაკეტვის გამო, სკოლის დატოვება მოუწია. თითქოს მისი ტკივილი სკოლამაც განიცადა – რამდენიმე თვეში შენობა დაინგრა და ახლა სასწავლო პროცესი მეზობელ სოფელში გრძელდება“ – ამბობს მაია.

ხელოვნური ბარიერების მიღმა დარჩენილი დები ახლა მხოლოდ ტელეფონით კონტაქტობენ. თუ გაუმართლათ და ზემო არცევში მობილური ინტერნეტი ჩაირთო, ერთმანეთს შვილების ფოტოებსაც უცვლიან. მათ ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობა ახლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ორი საათით აქვთ...



აღდგომა - ეს არის დღესასწაული, რომელიც მაიას და ეკას ოჯახების შეხვედრას შესაძლებელს ხდის. მათ მხოლოდ ამ ერთ დღეს, ზემო არცევის სასაფლაოზე, წინაპრების საფლავზე წითელლად შეღებილი კვერცხის მიტანა და ერთამნეთის ნახვის საშუალება ეძლევათ. მაია ამბობს, რომ წარმოუდგენელია ის ემოცია აღწეროს, რასაც მაშინ ისინი ქართველი სამართალდამცველების, რუსეთის მესაზღვრების და ევროკავშირის მონიტორების პატრულირების ფონზე, ერთმანეთთან შეხვედრის დროს განიცდიან.



„ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ ჩემი დის შვილი, ჩვენთან ურთიერთობაში გაუცხოვდებოდა, არ ეთამაშებოდა ჩემს შვილებს. არ ვიცოდი, თუ როგორი პირვნება დამხვდებოდა ჩემი სიძე. ანუ, შეიცვლებოდა თუ არა მისი დამოკიდებულება ჩვენდამი, ეთნიკური წარმოავლობის გამო. ვიგრძენი, რომ ეს განცდა ჰქონდათ მათაც. თუმცა, ძალიან ბედიერი ვარ, რომ კონფლიქტმა ის გავლენა არ იქონია, რისიც მეშინოდა. ბოლო ორი წელია ვხედავ, ოსი და ქართველი დეიდაშვილების შეხვედრით გამოწვეულ დადებით ემოციებს. ვხედავ, როგორი მონატრებით და სიყვარულით ეხვევიან ჩემი და ეკას შვილები, თამაშობენ და ერთამენთს მომავლ წლამდე ამღვრეული თვალებით ემშვიდობებიან. ვუყურებ სიძეს, რომელიც ოსური აქცენტით და გულანთებული თვალებით ცდილობს ჩვენ მიმართ სიყვარული როგორც საუბრით, ისე ქმედებით გამომაჟღავნოს. ვხედავ, როგორ ეფერება ლომას, რომელიც წინა შეხვედრაზე ვაჩუქეთ. ის და ჩემი მეეუღლე სადღეგრძელოებს მალ-მალე ამბობენ, რადგან ორ საათში, მოლხენის გარდა, მომავალი წლის შეხვედრის გეგმა უნდა დასახონ. ეს ყოველივე იმედს მაძლევს, რომ ადრე თუ გვიან, ჩაკეტილი გზა საბოლოოდ გაიხსნება და გაყოფილ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მოგვიწევს.“





ზემო არცევის ძველ სასაფლაოს ბოლო ორი წელია, ათობით ადამიანისთვის სულ სხვა ემოცია და მეღელვარება ახლავს. აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, მაიას და ეკას ოჯახების გარდა, აქ ქართულ-ოსური სხვა ოჯახებიც ხვდებიან და მონატრებისაგან გამოწვეული წყურვილის მოკვლას ცდილობენ. მაია ამბობს, რომ იქამდე, სანამ ხელოვნური ბარიერები იარსებებს, საფლავთკურთხევის დღე მისთვის ყოველთვის იმედის მომცემი იქნება და ყველა საქმეს გადადებს იმისთვის, რომ თბილისიდან ზომო არცევში ჩავიდეს.

„ყოველთვის უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, როდესაც საფლავებს ვხედავდი, ეს გრძნობა შეიცვალა მას მერე, რაც ჩემთვის საყვარელ ადამიანებს მხოლოდ სასაფლაოზე ვხვდები. ახლა სასაფლაო ჩემთვის იმედის სხივია. საჩუქრებს ვაგროვებ და აღდგომის დღესასწაულს ველოდები “ – ამბობს მაია...



ავტორი: გიორგი ახალკაციскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია