"ქმარი რომ აღარ მყავდა, ხაშურში, ჩემი შავებში ჩაცმული მულის სახლთან შევიტყვე. ჩემი ქმარი მეგობარს თავისი ხელით დაუმარხავს"

სტატიის ავტორი

"დრო გადიოდა, ტკივილი კი არა და არ ნელდებოდა, განა შემეძლო იმის დავიწყება, როგორ მუხანათურად მომიკლეს ქმარი, მამა... ის ჯერ ტყვედ აიყვანეს და შემდეგ წამებით მოკლეს"

აფხაზეთის მზის ქვეშ, დიდ, ბედნიერ ოჯახში დაიბადა. ავბედითი 90-იანების დასაწყისში შეხვდა თავის მეორე ნახევარს, შემდეგში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცს რომა გერლიანს. ახლა, 25 წლის შემდეგ, ის თავად არის ჯარისკაცი. ქალი, რომლის ბედიც თავიდან ბოლომდე ქართულ ჯართან არის დაკავშირებული, ჯართან, რომელმაც ჯერ ქვრივად აქცია, შემდეგ კი თავის რიგებში მიიღო და ამდენი წლის შემდეგ თამამად ათქმევინა: "დიახ, ბევრი გადავიტანე, მაგრამ მე, უფროსი სერჟანტი ინგა კვიციანი, ბედნიერი ქალი ვარ".
ბავშვობა

- ჩემს მშობლებს უკვე ჰყავდათ ორი ქალიშვილი, იამზე და ირმა, როდესაც დავიბადე. როცა საქართველოში ხალხს საშუალება მიეცა კერძო ბიზნესისთვის­ მოეკიდა­ ხელი, მამამ სამსახური მიატ­ოვა­ და სახლში რესტორანი გახსნა. აეროპორტთან ვცხოვრობდით და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა - მამა რესტორანში მოსულ სტუმრებს სიამოვნებით უთმობდა ჩვენი უზარმაზარი სახლის ცხრა საძინებლიდან ერთ-ერთს, ამაში კი ანაზღაურებას არ იღებდა... იმხანად უკვე გვყავდა ჩვენი­ ნანი-ნანატრი ძმა, ლონგინოზ კვიციანი.
რომეო

- ჩემი რომეო პირველად სკოლაში დავინახე. მე თხუთმეტის ვიყავი, ის - ჩვიდმეტის. დრანდაში, რუსულ სკოლაში დავდიოდი, ის ქართულ სკოლაში სწავლობდა. ჩვენი სკოლა გაცილებით კეთილმოწყობილი იყო და ამიტომ ქართული სკოლის ბიჭები ჩვენთან მოდიოდნენ კალათბურთისა და ფეხბურთის სათამაშოდ. კარგად მახსოვს, პირველად რომ დავინახე ძალიან მაღალი, თამამი ბიჭი. ზურგი რომ ვაქციე, მეგონა, დავივიწყე, მაგრამ შემოდგომაზე სწავლა განახლდა, გოგონებმა ფოტოატელიეში სურათის გადაღება გადავწყვიტეთ, იქ კი რომეო დაგვხვდა. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბიჭი, რომელიც არ მომწონდა, ლამაზი, კეთილი, იუმორით სავსე ადამიანი­ იყო. დავმეგობრდით. სკოლასთან მხვდებოდა­ და ჩემს დაქალებთან - ქართველ, სომეხ, რუს, აფხაზ, ბერძენ გოგობთან ერთად სოხუმში მივდიოდით. ჩვენი გართობა ატრაქციონები, ნაყინი და სანაპიროზე ბოდიალი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემს ჩემი ხელის მთხოვნელი, როგორც მაშინ ვიფიქრე­, ბებერი კაცი მიადგა, არადა, ის ბიჭი მხოლოდ ოცდაოთხი წლის იყო. აღშფოთდა მამაჩემი, აღვშფოთდი მეც და ეს ამბავი სასწრაფოდ ვუამბე ჩემს მეგობარ რომეოს. კაცმა­ არ იცის, რა ცეცხლი დატრიალდა მაშინ მის გულში. ჰოდა, მალე დაქალებისაგან საიდუმლოდ შევიტყვე, რომ ჩემს მოტაცებას გეგმავდა!.. გავბრაზდი. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, 15 წლის გოგონასთვის, რომელიც გულწრფელად იყო დარწმუნებული ბიჭისა და გოგოს წმინდა მეგობ­რობაში. გადავწყვიტე არ გამეცა ხმა და ამით ცეცხლზე ნავთი დავასხი. რომამ ჩათვალა, რომ მკარგავდა და სასოწარკვეთილმა მართლა გადაწყვიტა ჩემი მოტაცება. ჩემს გატაცებაში მთელი ჩემი სადაქალო ჩაება, ეს დიდი სიყვარულის სახელით­ გააკეთეს. 1991 წლის 14 დეკემბერი იდგა. ცოტა დრო დამჭირდა იმ აზრთან შესაგუებლად, რომ გათხოვილი ქალი ვიყავი.
ომი

რომა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში­ ოჩამჩირეში 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონს მოხალისედ შეუერთდა. ორი კვირა არაფერი ვიცოდით მის შესახებ. შემდეგ მოვიდა დაღლილი, ჭუჭყიანი. მამამაც ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და ჩვენ, ქალებს, მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა, რომ ჩვენი კაცების მოლოდინში გაგველია დღეები.

მამამ გადაწყვიტა შვილები საშიშროებისთვის გაერიდებინა და ჩემი და-ძმა თბილისში გაგზავნა ნათესავებთან. მე მშობლებთან დავრჩი. რომა მოვარდებოდა, დაგვხედავდა, ჩამიხუტებდა და უკან გარბოდა. ვემუდარებოდი, დარჩი, მოისვენე, ერთი დღე რას გიწყვეტს-მეთქი, მაგრამ ერთსა და იმავეს მპასუხობდა, ბიჭები მელოდებიან,­ მე აქ როგორ დავრჩე და დავისვენოო. როცა გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ხელში ამიტაცა, დამატრიალა და ატირდა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე მისი დარწმუნება და მასთან ერთად წავედი ბრძო­ლის ველზე. ორი კვირა გავატარე ყაზარმაში ფეხმძიმემ, კიდევ უფრო სტრესულ გარემოში, ოღონდ მის გვერდით. ახლა, წლების შემდეგ, ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ჩემი თვალით ვნახე, ჩვენი ქვეყნის დამცველი, ფაქტობრივად, თვითნასწავლი მეომრები. ვნახე, როგორ თავდადებას იჩენდნენ, როგორ უანგაროდ სწირავდნენ სიცოცხლეს მამულს. აღარ მეგონა, თუ მეტად შეყვარება შეიძლებოდა, მაგრამ მე კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი ქმარი, 18 წლის ბიჭი, რომელმაც მოკლე დროში ბეტეერის­ მართვაც ისწავლა და მიზანში სროლაც, ბიჭი, რომელმაც იმ ცამეტ თვეში­ მეტი გააკეთა, ვიდრე ადამიანები აკეთებენ გრძელი ცხოვრების განმავლობაში.
სამშვიდობო ხელშეკრულება

1993 წლის აგვისტოში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და აღმოვაჩინეთ, რომ გაგვიმართლა - ყველანი ცოცხლები და უვნებლები ვიყავით, სახლ-კარიც გადაგვირჩა და ახალ სიცოცხლესაც ველოდით. ორ კვირაში უნდა მემშობიარა, რომამ რიხით გამომიცხადა, ომი დამთავრდა, მალე მამა გავხდები, ახლა გამუდმებით თქვენ გვერდით უნდა ვიყოო და გადაწყვიტა თავის ნაწილში მისულიყო და ჯარიდან წამოსვლის შესახებ ეცნობებინა.

15 სექტემბერს ქორწინების სახლში ხელი მოვაწერეთ. მზიანი დღე იყო, მშვიდი და უღრუბლო, მე კი გულს რაღაც მიჭამდა,­ არ მინდოდა რომას თუნდაც ერთი დღით გაშვება, არადა, სამხედრო ნაწილში ხომ უნდა მისულიყო, რომ წასვლის შესახებ ეცნობებინა. არ დამიჯერა და წავიდა...


"ქმარი რომ აღარ მყავდა, ხაშურში, ჩემი შავებში ჩაცმული მულის სახლთან შევიტყვე. ჩემი ქმარი მეგობარს თავისი ხელით დაუმარხავს"


იმ ღამეს ისევ გავიგონეთ ომის ხმა. მთელი ღამე ბომბავდნენ სოხუმს. დილით შევიტყვეთ, რომ მტერი სოხუმში შესულა. ოჩამჩირესა და ჩვენ შორის გზა გადაიკეტა.­ დაბომბვების მესამე დღეს ნაადრევი მშობი­არობა დამეწყო და დაჭრილი, მომაკვდავი და მკვდარი ჯარისკაცებით სავსე დრანდის ყოფილ უფანჯრო სამშობიაროში ნატო რომეოს ასული გერლიანი მოევლინა­ ქვეყანას. ერთადერთი მშობიარე­ ვიყავი მთელ საავადმყოფოში. მეორე დილით ერთი დღის ჩვილით მამამ სახლში წამიყვანა.
აეროპორტი მუდმივად იბომბებოდა. მოდიოდა და მოდიოდა დაღუპვის შეტყობინებები. ეს მოსახლეობის მასობრივად ხოცვის დღეები იყო, მე კი ახალშობილი გოგონა მებარა, გონებაში ჩაბეჭდილი სისასტიკის ამსახველი კადრებით - აფხაზები ახალშობილებს თავებს აცლიან და შუაზე ჩეხენო. "გრადების" შიშით სარდაფში შეყუჟულები ჯერ კიდევ ბედნიერები ვიყავით, რადგან ერთმანეთი გვყავდა და გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. მამამ ზემო ფშაფში, ბებიაჩემის სახლში წაგვიყვანა. დედა მამასთან ერთად სახლის სადარაჯოდ დარჩა. 27 სექტემბერს, დილის 6 საათზე, მეზობლის ბიჭი, თამაზ ხვინგია მოვარდა, აფხაზები ძალიან ახლოს არიან და უნდა გავიქცეთო. დედ-მამის გარეშე ვერ წამოვალთ-მეთქი, ვუთხარი. დრო არ ითმენდა, მაგრამ ჩემებთან მაინც მივე­დით. დედამ, მამაშენს ვერ დავტოვებო, მაგრამ ვიძალავეთ და ისიც მანქანაში ჩავისვით. მამა სახლში დარჩა. გულრიფშის ცენტრამდე არ ვიყავით მისული, როდესაც უკან მობრუნებულმა მანქანების კოლონებმა გაგვაჩერეს, გზა გადაკეტილია, თავს უშველეთო. მდინარე კოდორისკენ წავედით. უკვე ვიცოდით, რომ ხიდზე ვერ გადავიდოდით, რადგან აფხაზებს ჰქონდათ აღებული, მაგრამ ამბობდნენ, რომ სადღაც, ტყეში, კორიდორი გახსნეს ჩვენებმა და ადიდებულ მდინარეზე დიდი მანქანებით გადასვლა შეიძლებოდა.

მდინარე კოდორთან უმძიმესი სურათი დაგვხვდა: ადიდებული მდინარე, წვიმის თქეში, უამრავი სასოწარკვეთილი ადამიანი, ტირილი, გოდება. ქალებით, ბავშვებითა და მოხუცებით გადაჭედილი სამი სატვირთო მანქანა უკვე აპირებდა მდინარეში შესვლას, რომ ჩვენც მივედით. თამაზი, ჩვენი გამცილებელი და გადამრჩენი, პირველად და უკანასკნელად იმ დღეს ვნახე - უკან დაბრუნებულს ძმებთან ერთად აფხაზი მეზობელი მალავდა, მაგრამ სომეხმა მეზობელმა გაყიდა და სამივე ძმა დახვრიტეს.
ჩვენმა მანქანებმა მდინარე გაარღვიეს და ტყეში გაჭრილ ბილიკებზე შევედით. სანამ ტყეში შევიდოდით, მორევით გატაცებული ხალხით სავსე რამდენიმე მსუბუქი მანქანა ამოიყვანეს მდინარიდან. ვუყურებდი, როგორ ივსებოდა მდინარის მეორე ნაპირი ქართველებით. მაშინ გავიგეთ, რომ ჩვენსავით მდინარეზე გადმოსული ერთი მანქანა აუფეთქებიათ.

უცებ მომეჩვენა, რომ ამ მხარეს ვიცნობდი. ეს ის ადგილი იყო, სადაც ჩემი ქმარი მსახურობდა, ის ყაზარმა, სადაც მე ორი კვირა გავატარე. მანქანა გავაჩერებინე­ და ბავშვით ხელში ტრიალ მინდორზე ჩამოვედი. აუცილებლად უნდა მეპოვა ჩემი ქმარი და შვილი მეჩვენებინა. მან ხომ ისიც არ იცოდა, რომ მამა გახდა. ბავშვს მტვრისგან­ სახე ჰქონდა გაშავებული, დაღლილობისგან, შიმშილისგან ვერც ტიროდა, მე კი ჯარისკაცებით სავსე მანქანებს ვუყურებდი, ეგებ სადმე რომა დავინახო-მეთქი. უცებ მანქანა გაჩერდა და უცნობმა კაცმა დამიძახა: "შვილო, სად მიდიხარ ამ შუაღამისას, მოდი, წაგიყვან!" იმ კაცმა ოჩამჩირეში დამაბრუნა. ჩემები გზაზე იდგნენ და მელოდნენ. ბავშვს მივხედე თუ არა, ისევ ჩემი ქმრის ძებნა დავიწყე. როგორც იქნა, მის მეგობარს მივაკვლიე, რომელმაც მითხრა,­ რომა თავის დასთან, ხაშურში გელოდებაო.­ გამიკვირდა, ეს საქციელი არ ჰგავდა ჩემი ქმრისას, დავეჭვდი, რომ რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ, დაჭრილია-მეთქი.

ვრცლად: kvirispalitra.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 26-04-2019, 13:59
0
10 354

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх