"ოლიმპისა" და "კაკტუსის" თრილერი

სტატიის ავტორი

სუპერლიგის მეორე წრე დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მისულ გულშემატკივარს ქართულმა საკალათბურთო კლუბებმა ბრწყინვალე შოუ აჩუქეს.

ტური ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდის, "ოლიმპისა" და აუტსაიდერის, "კაკტუსის" დაპირისპირებით გაიხსნა და არაპროგნოზირებადი შედეგით, 89:95 დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა არჩილ ჟღენტის "კაკტუსი", რომლის უკანახაზელებმა, ნიკ ნილმა (27ქ;11პ.) და დელანო სპენსერმა (34ქ.) დიმიტრი ჟაკობოვის გუნდს არაერთი თავსატეხი გაუჩინეს. "კაკტუსი" კიდევ უფრო ძლიერად გამოიყურებოდა ახალგაზრდა ცენტრის, გიორგი ტურძელაძის დაბრუნების გამო, რომელმაც გუნდს დაცვაში სტაბილურობა შესძინა.

მატჩის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი მე-4 პერიოდი გამოდგა, რომელშიც "ოლიმპმა" 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ქამბექში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩარლზ ბენეტმა (23ქ.), რომელმაც კრიტიკულ დროს ზედიზედ 3 3-ქულიანი ჩააგდო, ასევე გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი რევაზ როგავა (22ქ.).

ოვერტაიმში "ოლიმპს" ძალა აღარ ეყო. გუნდს განსაკუთრებით დააკლდა საქართველოს ნაკრების წევრის, ნიკოლოზ დარბაიძის ენერგია, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. გადაღლილი "ოლიმპის" დამარცხება დამატებით დროში "კაკტუსს" არ გასჭირვებია. არჩილ ჟღენტის კალათბურთელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"დღეს ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიგოთ," - განაცხადა მატჩის მთავარმა გმირმა, "კაკტუსის" დირიჟორმა, ნიკ ნილმა...

"ოლიმპისთვის" ეს მარცხი საგანგაშო არ არის, გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და აქვს მომატების პერსპექტივა, თუმცა, ფაქტია, რომ საჭიროა გარკვეული კორექტივების შეტანა, რასაც, დიმიტრი ჟაკობოვი თავის შეგირდებთან ერთად სანაკრებო პაუზის დროს გაივლის. ალბათ, უფრო მეტი სითამამე სჭირდება გუნდის მთავარ ლიდერს, მარკ ოგდენს, რომელიც ქუთაისში გამართული ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშე და ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ოგდენმა "კაკტუსის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი (16ქ;11მ.) მიითვალა, მაინც იგრძნობოდა, რომ გუნდს დააკლდა მისი ლიდერობა, შედეგიანობა და ეფექტურობა.

"კაკტუსის" მდგომარეობა ამ გამარჯვების შემდეგ შემსუბუქდა. გუნდს, ჯერჯერობით, არ ემუქრება რელეგაცია და არჩილ ჟღენტს მშვიდ გარემოში შეეძლება მომავალ შეხვედრაზე ფიქრი. სეზონის მიმდინარეობისას "კაკტუსში" არაერთი ცვლილება იყო, რამაც, პოზიტიური შედეგი გამოიღო, გუნდმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, "რუსთავი" გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. "კაკტუსს" აქვს იმის პოტენციალი, რომ გაცილებით მაღალი მიზნისთვის იბრძოლოს, ვიდრე სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ჟღენტი სწორედ ის მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ამ პოტენციალის რეალიზება. კარგი იქნება, თუ უფრო მეტ სითამამეს გამოიჩენს ლუკა ზაქრაძე, რომელსაც შეუძლია, გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს...скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-02-2019, 23:20
0
322

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх