სენსაციური ღამე მადრიდში! აიაქსმა რეალი გაანადგურა და გააგდო!

სტატიის ავტორი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში უდიდესი სენსაცია მოხდა. ამსტერდამის "აიაქსმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" 3 ბურთს სხვაობით დაამარცხა.

მე-5 წუთზე რაფაელ ვარანმა რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, ბურთი ძელს მოარტა. ვინ იცის, ეს გოლი რომ გასულიყო რა მოხდებოდა, თუმცა ეს საღამო ჰოლანდიელებს ეკუთვნოდათ...

მე-7 წუთზე დუშან ტადიჩის დახატული პასით ჰაკიმ ზიეჩმა "აიაქსი" დააწინაურა და დიდი მატჩი დააანონსა. 11 წუთის შემდეგ ტადიჩმა "რეალის" მცველები აბუჩად აიგდო, კაზემიროს თავგზა აუბნია, ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა დავიდ ნერეშს, რომელმაც ტიბო კურტუას შეუსრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მადრიდელები გოლის გასატანად შემართულები გამოვიდნენ, რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა 62-ე წუთზე საკუთარ კარში ისეთი მშვენიერი გოლი მიიღეს, რომ მათი მცდელობა ხვალ არავის არ ემახსოვრება. ტადიჩმა რაღაც ყუმბარისებური, აუღებელი, შეუჩერებელი გაისროლა და კურტუას შანსი არ დაუტოვა, 3:0.

70-ე წუთზე მარკოს ასენსიომ "რეალის" გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა 2 წუთის შემდეგ ვიკინგმა ლასე შიონემ "რეალის" ფანებს თავბედი და კურტუა აწყევლინა. ჯარიმა, რომელიც წესით საჯარიმოში უნდა ჩაეწოდებინა, შიონემ პირდაპირ კარში გაუშვა, რასაც, სხვა თუ არა, კურტუა მაინც არ ელოდა და ჰაერში განწიმული ნახტომი შეასრულა, რაც გაშხლართვას და დახრჩობამდე ხელების უაზრო გაქნევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ბურთის აღების მცდელობას.

ტემპი, შემართება, მონდომება, კლასი, სანახაობა, სენსაცია, იმედგაცრუება... მადრიდში მადრიდელთათვის ჯოჯოხეთური, თითქმის მთელი მსოფლიოსათვის კი ზღაპრული სანახაობა შედგა.

აი, ეს არის ფეხბურთი...скачать dle 12.1








0
თარიღი: 6-03-2019, 01:55
0
419

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх