საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ოლიმპის ტრიუმფი 2 ოვერტაიმიან თრილერში

personuser access_time20-03-2019, 23:45


სუპერლიგის მე-14 ტური გრანდიოზულად გაიხსნა. "ოლიმპმა" "თსუ-ჰიუნდაის" მეორე ოვერტაიმში 97:94 მოუგო.

დაძაბულობის გარდა, მატჩი იყო ძალიან სანახაობრივი, მაღალტემპიანი. ერთი სიამოვნება იყო ჯეიმს მილიკენისა (25ქ.) და ტრე ბენეტის (28ქ. 9პ.) დუელი პერიმეტრიდან. ბომბდამშენებმა ერთმანეთის დაცვა გაანადგურეს და არარეალურად რთული ბურთები ჩააგდეს.

"თსუ-ჰიუნდაიდან" გამორჩეული იყო გიორგი კორსანტია (17ქ. 16მ.), რომელიც იდეალურად არჩევდა პოზიციებს და ფარიდან ასხლეტილ ბურთს ერთი შეხებით აბრუნებდა კალათში.

"ოლიმპიდან" კი, ტრადიციულად, ლიდერობდა რეზო როგავა (20ქ. 6მ. 4პ.), რომელსაც თამაში წაუვიდა და გარკვეულ ეპიზოდებში მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

2 დამღლელი ოვერტაიმის შემდეგ, "ოლიმპს" მეტი ძალა შერჩა მატჩის მიწურულს და საქმე ბოლომდე მიიყვანა. "ოლიმპის" უკანახაზელებმა გაცილებით უკეთესი მატჩი ჩაატარეს ვიდრე მათმა მეტოქეებმა. ეს, შეიძლება, "ოლიმპის" ლიდერის, მარკ ოგდენის დამსახურებაა (12ქ. 16მ.), რომელსაც მეტოქემ ზედმეტად დიდი ყურადღება დაუთმო და ამან გუნდის სხვა ლიდერებს მეტი თავისუფლება მისცა.

ამ მარცხის მიუხედავად, ჩანს, რომ შესანიშნავი სტარტისა და ცუდი გაგრძელების შემდეგ, "თსუ-ჰიუნდაის" მდგომარეობა უკეთესობისაკენ მიდის და გუნდი უახლოვდება ოპტიმალურ ფორმაში შესვლას, ამ შეთხვევაში კი ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდის დამარცხება გაცილებით რთული იქნება.

"ოლიმპმა" უკანასკნელ 2 შეხვედრაში ძლიერი მეტოქეები დაამარცხა ("დელტა", "თსუ-ჰიუნდაი"), რაც ამ გუნდის კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. გუნდს ყავს სტაბილური ლიდერი მარკ ოგდენის სახით რომელიც გარშემორტყმულია ფეთქებადი, ენერგიული მოთამაშეებით, რაც ხშირად, იდეალურ ბალანსს ჰქმნის. ეს ყველაფერი კი ორი შესანიშნავი ახალგაზრდა სპეციალისტის, დიმიტრი ჟაკობოვისა და დავით როგავას დამსახურებაა.

რახან მწვრთნელებზე ვისაუბრეთ, აუცილებელია, აღვნიშნოთ ერთი რამ. რთულია, 2 ოვერტაიმიან მატჩში ითამაშო მაღალ დონეზე, ამისათვის ბრწყინვალე ფორმაში ყოფნაა საჭირო და ეს "ოლიპის" მოთამაშეებს დაეტყოთ. ამისათვის შექება ეკუთვნის "ოლიმპისა" და საქართველოს ნაკრების ფიზ. მომზადების მწვრთნელს, ირაკლი შიოშვილს.

ერთადერთი რამ აკლდა ამ შეხვედრას, სავსე დარბაზი... სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელშიც კალათბურთი ასე ძალიან უყვართ და ეროვნული ნაკრების მატჩებზე თბილისის სპორტის სასახლე გადავსებულია, სუპერლიგის (თბილისის) მატჩები ცარიელ დარბაზში ტარდება. მესიჯი ქართველ გულშემატკივარს - მოდით, უყურეთ და ისიამოვნეთ, ამ სეზონში სანახავი კიდევ ბევრი იქნება!

ფოტო: gbf.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია