ჩვენ გაოცებული ვართ რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ესე გონება - მეუფე სპირიდონი ყოფილ ბენეფიციარზე


სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის, 18 წლის ლუკა ხაჩიძის განცხადებას გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. მეუფე სპირიდონი ბიჭის "გონების, ცნობიერების შეცვლაში" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას ადანაშაულებს.

"ჩვენ გაოცებული ვართ რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ესე გონება, რომ ესე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებულები ვართ ჩვენ და ძალიან შეწუხებულები, რა შეეძლო მეტი ეკლესიას გაეკეთებინა?! [...]

ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა ამ არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას რაღაც ფორმატირებას უკეთებენ. ფაქტიურად რა გამოდის ახლა, ყველაფერი მიიღო ბავშვმა, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა და ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონმა გაიხსენა გამონათქვამი "დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას" და თქვა, რომ როგორც ჩანს ისინი ასეთი თაობების შექმნას აპირებენ რაც ძალიან საშიშია.

"ერთი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს რომ ჩვენ ასეთი თაობა არ მივიღოთ", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.