ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია:დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე


„ეს არის საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს წარმატება გულისხმობს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს, ასევე საგარეო პოლიტიკის სწორ კურსს.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი არის შეუქცევადი. ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა და რამდენიმე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება.

პირველ რიგში იმაზე, რომ მინისტრის თქმით, აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანების თვალსაზრისით. ასევე, დავით ზალკალიანის თქმით, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო არის მთავარი პარტნიორი რეგიონში და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით.

რაც შეეხება ძირითად გამოწვევებს, უსაფრთხოების გარემოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დავით ზალკალიანის თქმით, ცალსახად არის მხარდაჭერილი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ასევე მხარდაჭერილია საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

„ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მხრიდან მიღებული პოზიტიური შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესს და პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას ეხება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ის მოლოდინი, რომელიც ევროპელ პარტნიორებს აქვთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ისეთივე მაღალ დონეზე შესრულდება, როგორც აქამდე იყო.