მშვენიერაძე: სააკაშვილის კადრები გამოქვეყნდა თანხმობის გარეშე - პენიტენციური სამსახური კანონს არღვევს






იურისტი, გიორგი მშვენიერაძე პენიტენციური სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება და კონკრეტული მუხლების დარღვევაზე საუბრობს.

"დღეს ეთერში ნაწილობრივ ვთქვი და აქაც უფრო ვრცლად დავწერ:

1. პატიმრის სამედიცინო მომსახურების გაწევისას გაკეთებული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე არის კონსტიტუციის მე-18.3 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უხეში დარღვევა;

2. ეს ქმედება ასევე არღვევს "პერსონალური მონაცემების შესახებ კანონსა" და "პატიმრობის კოდექსის" მოთხოვნებს, რადგან ა) პატიმარი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ვიდეო მეთვალყურეობის შესახებ და ბ) მისი თანხმობის გარეშე ამ ჩანაწერის გავრცელება დაუშვებელია;

3. ეს ქმედება შეიძლება ასევე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული: "პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით ... მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით," რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე",- წერს გიორგი მშვენიერაძე.