ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი დღეს შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება






გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ. ოჯახის წევრები დაკავებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას სამართალდამცავებისგან ელიან. დაკავებულის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც დე-ფაქტო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმის გამო, რომ ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ ინფორმაციას მათ არავინ აწვდის.

როგორც ცნობილია, 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID – 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა იწურება 17 ივლისს. მისი ახლობლები დაუყოვნებლივ მოითხოვენ მის გათავისუფლებას.