დარგები, რომელთაც მთავრობის დადგენილებით ელექტროენერგიის სუბსიდირება შეეხება


მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის სამეწარმეო საქმიანობები, რომლებსაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.

მთავრობის დადგენილებით 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

კერძოდ, სუბსიდირება ეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.

დადგენილების მიხედვით, სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს:

მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.