ქალთა წინადაცვეთა- საზარელი ტრადიცია თუ ნათლობის რიტუალი?


ქალთა წინადაცვეთა - ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ხორციელდება ქალთა გენიტალიების ამოკვეთა ან ტრამვირება. წინადაცვეთის პრაქტიკა გავრცელებულია ეგვიპტეში, სუდანში, ეთიოპიაში, სომალში, მალში და კიდევ სხვა ქვეყნებში,ერთმანეთისგან განსხვავებული პროცენტულობით.

წინადაცვეთის პირველი ფაქტები ეგვიპტეში ფიქსირდება, რის შემდეგაც ამ ტრადიციამ უამრავი რელიგიური თუ ტრადიციული დატვირთვა გამოიცვალა. ამ ეტაპზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით არსებობს წინადაცვეთის ოთხი ტიპი: I- კლიტორიდექტომია, II- ექსტირპაცია, III- ინფიბულაცია დაIV - აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს. ალბათ არცაა გასაკვირი რომ წინდაცვეთის IV- ტიპი ყველაზე საზარელ შემთხვევას წარმოადგენს.

ქალთა წინადაცვეთა ძირითადად მცირეწლოვან გოგონებს უტარდებათ, ყოველგვარი ანესთეზიისა და გამაყუჩებლის გარეშე რაც ,,სტამბულის კონვენციის’’ მიხედვით ფასდება ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად, ამავე კონვენციის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვვს ქალის წინადაცვეთის შემდგომ სამედიცინო გართულებებს, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისფუნქციის გამომწვევი. მყისიერი გართულებები შეიძლება იყოს: ანემია, საშარდე გზების ინფექცია და რაც ყველაზე მთავარია სისხლდენა რომელიც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. გრძელვადიან უარყოფით შედეგები შიძლება იყოს: ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულება, მშობიარის გარდაცვალება და ასევე საშინელი ტკივილი მთელი ცხოვრების მანძილზე.

ერთი შეხედვით, ჩვენგან შორს გავრცელებულ რიტუალს აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც ატარებენ. 2016 წელს IWPR-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ეთნიკური ავარელების თემში, ასობით გოგონას ბავშობაში წინადაცვეთის პროცედურა უტარდებოდათ. თემში განმარტავდნენ, რომ ისინი არიან მუსლიმანები და ეს ტრადიცია მათი ადათის ნაწილია. გოგონებისთვის ისევე როგორც ბიჭებისთვის წინადაცვეთას რელიგიური მნიშვნელობა ენიჭება და განიხილება როგორც მუსლიმანური ნათლობა. იმ განსხვავებით, რომ ბიჭების წინადაცვეთას ექიმი აკეთებს, ხოლო გოგონების შემთხვევაში პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ზოგჯერ ამუშავებენ სპირტით. თემში ასევე განმარტავდნენ, რომ წინადაცვეთა ყველა ქალს უნდა ჩაუტარდეს, ვინაიდან ამის გარეშე მუსლიმი ვერ გახდები.

რიტუალის ისლამთან კავშირის დასადგენად, ჩვენ დავუკავშირდით თეოლოგს, ბატონ ნოდარ დავითაძეს, რომელიც განმარტავს, რომ წინადაცვეთის პრაქტიკა გაცილებით უფრო ადრე იღებს სათავეს, ვიდრე მუჰამედ შუამავალი ისლამზე მოწოდებას დაიწყებდა. ისლამის მოვლინების შემდეგ, მან ვაჟთა წინადაცვეთა სავალდებულო ჰიგიენურ ოპერაციათ დააწესა, ხოლო ქალთა წინა დაცვეთა არ აუკრძალავს, თუმცა არც მოთხოვნად და აუცილებელ შესასრულებელ რიტუალად არ დაუწესებია.

ასევე მცდარია ის შეხედულება, რომ წინადაცვეთა ისლამის მიხედვით მონათვლას ნიშნავს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მონათვლა და არანაირ კავშირშია ნათლობასთან.

ბატონი ნოდარი ასევე განმარტავს, რომ ისლამი არავითარ შემთხვევაში არ ურიგდება ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას ან მისი საფრთხის ქვეშ დაყენებას. ასევე მისი თქმით, მიუღებელია შინაურ პირობებში ჰიგიენისა და სტერილურობის დაუცველად მსგავსი ოპერაციების ჩატარება, როგორ გოგონებზე ასევე ვაჟებზეც.

2016 წლის შემდეგ ქალთა წინადაცვეთის თემამ აქტუალობა დაკარგა, თუმცა საინტერესოა, კვლავ ტარდება თუ არა საქართველოში აღნიშნული რიტუალი.