ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სხვადასხა ღონისძიება ჩატარდება






ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის Meiburg Wine Media პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი – დებრა მეიბურგი უძღვებოდა. სერტიფიკატი ხუთმა ღვინის პროფესიონალმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.