სტალინი - ტოტალიტარიზმის სიმბოლო თუ დადებითი პერსონა - ინტერვიუ გორელ სტუდენტთან


ის, რომ სტალინი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამოჩენილი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორიული ფიგურაა ცხადია და ამაზე არავინ დაობს, თუმცა, შეფასებები განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებულია. სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორ აფასებს ტოტალიტარიზმის სიმბოლოდ ქცეულ სტალინს ახალგაზრდა თაობა.
ქართველი დიქტატორის პოლიტიკურ მოღვაწეობას, გორელი სტუდენტი, ნიცა ოქრუაშვილი აფასებს. მისი თქმით, სტალინის თემა გორში ყველაზე აქტუალურია. ამბობს, რომ თუ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს შეაფასებს, სათქმელი უარყოფითი უფრო მეტი ექნება ვიდრე დადებითი.

ნიცა, ჩვენთვის არ არის ახალი, რომ ძველი თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიმპათია გააჩნიათ სტალინის მიმართ, რამდენად არის გავრცელებული ეს სიმპათიები ახალგზარდა თაობის წარმომადგენლებში და რამდენად დაფასებული პერსონაა სტალინი 21-ე საუკუნის ახალგაზრდებში?

ძველი თაობისგან განსხვავებით, ჩემ თაობას მკვეთრად განსხვავებული შეხედულება აქვს ამ თემაზე, ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძველი თაობის ხალხს უშუალოდ იმ პერიოდში მოუწია ცხოვრება და მათი უმრავლესობა დადებითად შეაფასებს მის მოღვაწეობას, თუმცა ახალგაზრდა თაობა ვერ შეაფასებს იმ პერიოდს დადებითად, ვერ შეფასდება დადებითად პერიოდი, რომელიც ქართველ ინტელიგენციას: მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს და ა.შ ებრძოდა, კლავდა და ასახლებდა, მსგავსი რაღაც მიუღებელია, მასში არაფერი დადებითი არ არის.

შენი აზრით, რა იწვევს სტალინის მიმართ მსგავს დადებით გრძნობებს და რამდენად დიდი გავლენა აქვს მის წარმომავლობას?

ბევრჯერ მსმენია მოსაზრება, რომ სტალინი გორელებმა განსაკუთრებით უნდა დააფასონ, რადგან თავად სტალინიც გორელი იყო. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ძველი თაობის ეს მოსაზრება არასწორია და სტალინის წარმომავლობა არ გვაძლევს მისი სიყვარულის საბაბს. ბევრჯერ მსმენია კიდეც, რომ გორში ჩამოსულ ტურისტებს გორს ''სტალინის ქალაქად'' აცნობენ, მაშინ როცა გორმა არაერთი გამოჩენილი და წარმატებული ადამიანი აღზარდა, შეგვიძლია, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ისინი.

რას ფიქრობ, რატომ უნდა უყვარდეს, ან რატომ არ უნდა უყვარდეს ხალხს სტალინი და რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდი მისი შეფასებისას?

დავიწყებ იქიდან, რომ სტალინი საბჭოთა კავშირის საფუძველი და ხერხემალი იყო, ამიტომ ძლიერ პერსონად გვევლინება, ჩემი აზრით ამით შეიძლება შევაფასოთ ის დადებითად. შეფასებისას რა თქმა უნდა უარყოფითი მხარე დადებითს გადაწონის რადგან უარყოფითი უფრო მეტია. მისი პერიოდი იყო შიშის პერიოდი, ხალხს შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება, ეს მიუღებელი და წარმოუდგენელია.

როგორ გგონია, უნდა დაუბრუნდეს თუ არა 2010 წელს გორის ცენტრიდან აღებული სტალინის ძეგლი თავდაპირველ ადგილს?

რთული და კარგად დასაფიქრებელი თემაა, სტალინის ძეგლის დადგმას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს ვიდრე მომხრე. ახალგაზრდა თაობა არ დაუშვებს იმას, რომ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლი ისევ აღიმართოს.

როგორ შეაფასებს წლების შემდეგ ისტორია ქართველ დიქტატორს

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ახალი მოსაზრებები ჩნდება და იცვლება ისტორიაც. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა ჩვენ თაობასთან ერთად მყარად იდგება სწორ აზრზე. მომავალ თაობას კი სწორი აზრის ჩამოყალიბებაში ჩვენი თაობა უნდა დაეხმაროს.