ჰაერი არ მყოფნიდა, ყვირილი მინდოდა, ჩემი უბნის სამ გოგოს იგივე გაუკეთა - სექსუალური ძალადობის მხვერპლის უმძიმესი ისტორია






გვერდი ''დამიცავი პატარა ვარ'' სექსუალური ძალადობის მსხვერპლის უმძიმეს ისტორიას აქვეყნებს. ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:

''გამარჯობა! ისტორია დიდია და თუ თავად გსურთ და საჭიროდ ჩათვლით, შეამოკლეთ.

მე 19 წლის გოგო ვარ, რომელმაც ბავშვობაში ხმა ვერ ამოიღო, რომელსაც შეეშინდა დედის, ხალხის, მეზობლების და ნათესავების...

10 წლის ასაკში მეზობლის საწოლზე გულწასული ვიწექი. როცა გონს მოვედი, ერთადერთი, რაც მახსოვდა, ეს იყო კიბეზე ასვლისას ამოყოლილი მეზობელი.

დამიძახა: ანა! (სახელს შევცვლია)

ქვედა სართულზე ჩავიხედე.

- შეგიძლია, დამეხმარო?

ჩემი მეზობელი 27 წლის, მხიარული ახალგაზრდა, უბანში ყველასთვის საყვარელი ბიჭი იყო რომელიც გამუდმებით გვეთამაშებოდა წრეში ბურთს, ფრენბურთს, ფეხბურთს. გვეთამაშებოდა მხოლოდ გოგონებს, ეს მაშინ არასდროს არავის გაკვირვებია.

ამიტომ მე, როგორც ზრდილობიანმა ბავშვმა, დახმარებაზე უარი არ ვუთხარი, დავდე ჩემი წითელი ბურთი კიბეზე და დასახმარებლად ჩავედი.

ვინც კორპუსში ცხოვრობს ეცოდინება მეორე სართულზე განლაგებული დენის "მრიცხველები".

მითხრა:

- იქ მაღლა მეგობარმა რაღაც დადო, შეგიძლია მომაწოდო? ხელში აგიყვან.

რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, ხელები გვერდებში მომკიდა და თვლა დაიწყო 1,2,3,4,5,6,7,8,9,10...

ყოველ თვლაზე მის სასქესო ორგანოს მოდებას ვგრძნობდი.

შემეშინდა, მაგრამ ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი.რომ ამწია, მაღლა მხოლოდ შოკოლადის შეფუთვა იყო.ვუთხარი, რომ მაღლა არაფერი იდო და სახლში უნდა წავსულიყავი. პირზე ხელი დამადო, ვერსად ვერ წახვალო. ჰაერი არ მყოფნიდა, ყვირილი მინდოდა და ვერ ვყვიროდი.

ხელი ძლიერად ჰქონდა ჩაკიდებული. ვხედავდი, როგორ ამოიღო ჯიბიდან გასაღები და კარების გაღება დაიწყო. გული წამივიდა. როცა გონს მოვედი, ახლაც მახსოვს ის ძლიერი ტკივილი. მთელი სხეული მტკიოდა, ახლაც მტკივა. ჭიქით წყალი მომაწოდა და მიბრძანა, დამელია. ვერ მივხვდი, რა მოხდა, ჩაცმული ვიყავი. მითხრა, ვინმეს თუ ვეტყოდი, არავინ დამიჯერებდა და დედა ძალიან მცემდა ტყუილის გამო.

ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, მაშინ ფილმებში კოცნის სცენაზეც ხელებს ვიფარებდი. სახლში ავედი და 2 კვირა სახლიდან არ გავსულვარ. დედა ვერაფერს მიხვდა, სუფთა ვიყავი. 2 კვირის შემდეგ უბანში ხალხი მოგროვდა, პოლიციამ ჩასვა და წაიყვანა. უბანი ამბობდა, ,,არა! ეგ კარგი ბიჭი იყო, აბრალებენო". მე გავჩუმდი, სხვა - არა. ჩემს უბნელ 3 გოგოს იგივე გაუკეთა, იგივე ისტორიით... პირველი მე არ ვყოფილვარ, 9 წლის ბავშვი იყო. იქნებ პირველს ამოეღო ხმა და დანარჩენი სამი არ დავტანჯულიყავით?

ბოლო, მეოთხე გოგონამ ამოიღო ხმა. მას მეტი ძალა ეყო და დედას უთხრა, მე ვერ შევძელი.

მე რომ ხმა ამომეღო, ვინ იცის? იქნებ ახლა მხოლოდ მე გადამეტანა ის ტკივილი? მე რომ დედა დამლაპარაკებოდა, ეთქვა, რომ ყოველთვის შემიძლია ვენდო და ის მუდამ დამიჯერებდა, იქნებ ასე არ მომხდარიყო? იქნებ ხმა ამომეღო?

არ გაჩუმდე! თქვი შენი სათქმელი, ამით სხვა გადარჩება!'' - წერია ტექსტში