საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია - აქამდე უცნობი დეტალები


ზვიად გამსახურდია მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული გმირი.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის კავშირი. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს ამ ჟურნალებში გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსიფიკაციის საფრთხეს, ქართველების დემოგრაფიული შემცირების პრობლემას, კორუფციას საქართველოს ეკლესიაში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული თემების უფლებებს. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“. გამსახურდია იმსახურებდა დასავლეთის სახელმწიფოების იმპათიების იმპერიული ცენტრის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში „მიმდინარე ამბების ქრონიკა“.

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

დღიდან გათავისუფლებისა ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს. გამსახურდიას განსხვავება რუსი ლიბერალი დისიდენტებისგან გამოჩნდა საჯაროობის გამოცხადების შემდეგ. მისი სამიზნე იყო არა ადამიანის უფლებები, არამედ ქართველების უფლებები. 1990 წლის ივლისში ის დაუპირისპირდა ანდრია სახაროვს ამ უკანასკნელის წინადადების გამო ახალი მულტინაციონალურ კავშირის შექმნის შესახებ. თუ 1970-ან წლებში გამსახურდიას წინააღმდეგობა მიმართული იყო იმპერიის ცენტრისკენ, 1980-იან წლებში გამსახურდია მტრებად სახავდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსა და „წითელ ინტელიგენციას“. გამსახურდიას და მის მომხრეებს ქართველები მიაჩნდათ ისტორიულად დაწინაურებულ ხალხად, რომელსაც უნდა ესარგებლა პრივილეგიებით სამშობლოში.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“.

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა. სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“. ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი. დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.

2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა.