ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს


თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები. ამასთან, ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას და ერთ მისამართზე ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი.

ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.