სასტიკი მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - სავარაუდოდ მოკლული ქალის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი


ჯავახიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ მოკლული ქალის ცხედარს პროზექტურიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

85 წლის ქალის შვილები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებამ უკვე გაათავისუფლა. ისინი ამტკიცებენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

"აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ჩემმა ძმამ დამიძახა ნახე რა ხდებაო, შევედი დედაჩემი ძირს იყო და მე ვერ ავწევდი იმ სიმძიმეს გამოვაყვანინე ჩემ ძმას.

ხელ-ფეხი არ ჰქონდა შეკრული. დედა გარდაცვლილი ჩვენ არ გვეგონა, სასწრაფო გამოვიძახეთ. დედაჩემს ჰქონდა სკლეროზი, მეხსიერების დაქვეითება, თავში ჩაქცევები ჰქონდა, შაქარი ჰქონდა მაღალი, სახსრები ტკიოდა",-ამბობს გარდაცვლილის შვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი გარდაცვლილი, გუშინ, 27 მარტს ნახეს, გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით ჰქონდა მიყენებული.