სალხინოს მამათა მონასტერში იღუმენი გრიგოლ დარსალია ისევ არ შეუშვეს


სალხინოს მამათა მონასტერში იღუმენი გრიგოლ დარსალია ისევ არ შეუშვეს.

იღუმენს, მონასტრის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა უნდა აღევლინა, თუმცა მას ეკლესიის ეზოში, მეუფის მიერ განყენებული სასულიერო პირები დახვდნენ და წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს.

იღუმენი გრიგოლ დარსალია სტეფანწმინდის და ხევის ეპარქიის მამათა მონასტრის წინამძღვარია და როგორც თავად ამბობს, ის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვლენილია ჭყონდიდის ეპარქიაში, რათა სალხინოს მონასტერში წირვები აღავლინოს.

სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხის ბრალდებით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდათ, არ აპირებენ, მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. ისინი ელოდებიან ხვალ საპატრიარქოში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული პრობლემები უნდა განიხილონ. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ შეხვედრის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.

ამ მომენტისთვის მონასტერში სიმშვიდეა. მონასტრის ეზოში შეკრებილია მრევლი და სადღესასწაულო წირვას მამა დანიელ გვილავა აღავლენს, რომელსაც მეუფე სტეფანემ რამდენიმე დღის წინ მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა.