თალაკვაძე : მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა


არჩილ თალაკვაძის თქმით, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება, არის იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით არის ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა:

"ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა.

შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს და ძალისხმევას, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს და რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება და პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პროცესში, ეს არის სწორი გზავნილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.