❗ სასტიკი თავდასხმა - მოქალაქემ პოლიციელს ნაჯახი ჩაარტყა


პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს - შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის ქამილ ნამაზოვმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

დაჭრამდე, ნამაზოვების ოჯახი 112- ს თავად დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი ის ნაჯახით გაუსწორდა.

დაზარალებული ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი. ნამაზოვის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.

დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც. ნამაზოვები ამის გამო ექიმს დაუკავშირდნენ და სამედიცინო ჩარევა მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.