დომენიკ მანგოს ვიზიტი გორში - dianews.ge-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა


საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, დომენიკო მანგო, დღეს გორში ჩამოვიდა.

dianews.ge-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს მთავარი თემა, დომენიკოს ახალი წამოწყება გახდა, ის დადის საქართველოს მასშტაბით და საზოგადოებაში ბიბლიას ავრცელებს.

დომენიკო, პირველ რიგში მოგესალმები. დავიწყებ პირველი კითხვით.

ბოლო რამდენიმე დღეა დადიხარ ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობაში უფასოდ არიგებ ახალ აღთქმას, რა არის ეს? შენი მხრიდან ხალხში ქრისტიანობის გავრცელება, თუ დომენიკოს მორიგი პერფორმანსი?

ის, რასაც მე ვაკეთებ, ქრისტიანობის გავრცელებას ემსახურება. თვითონ მათ წიგნში წერია, რომ ქრისტიანობა ხალხთან მიახლებას და ახალი სიტყვის, ახალი რწმენის მიტანას გულისხმობს. საქართველოში ჯერ არ დამდგარა ქრისტიანობა. ის, რასაც დღეს, აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ ვაკეთებთ, წესით მღვდლებმა უნდა გააკეთონ. მათი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ხალხმა გაიგოს რა არის ქრისტიანობა, ვინ არის ქრისტე, ეს არ იციან საქართველოში, ამიტომ ამაზე უკეთესად ვერ აღვნიშნავდი აღდგომას. დავდივარ ქვეყნის მასშტბით და უამრავ კეთილ ადამიანს ხვდები, ამ ხალხის სიკეთით სავსე თვალებში ჩახედვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. არ ვეწინააღმდეგები რიტუალურ აღდგომას, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო ღირებული და ძვირფასი მომენტების შექმნაც შეიძლება ამ დღეს, რადგან აღდომა თვითონ არის ძვირფასი და ღირებული დღე.

საიდან გაჩნდა იდეა იმისა, რომ მოსახლეობაში საკუთარი ხელით ახალი აღთქმა უნდა გაგევრცელებინა?

იდეა არსაიდან არ წამოსულა. ზოგადად მე ასე არ ვგეგმავ მომავალს. უბრლოდ, ერთ დღეს ვიჯექი და დავურეკე ჩემს მეგობარ, ავთანდილ გურულს, რომელიც ბიბლიური სახლის წევრია და 25 წელია ამ საქმეს ემსახურება და გამოსცემს ბიბლიას. მე მას ვუთხარი, რომ 100 ცალი ბიბლია მოეყიდა. როდესაც შევიძინე ავიღე და სპონტანურად დავიწყე გავრცელება მთელს საქართველოში. უკვე ვიყავით: თბილისში, რუსთავში, გარდაბანსა და თელავში. დღეს ჩამოვედით გორში.

როგორია ხალხის განწყობა შენი და შენი საქმის მიმართ?

ძალიან კეთილი და დადებითი ემოციებით მხვდებიან. ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, რომ ის სითბო და სიყვარული, რომელიც ამ მოკლე პერიოდში მივიღეთ, ალბათ ერთი წელი გაგვყვება.

აქვე მინდა ვთქვა, რომ თვითონ ავთო გურულმა მითხრა, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს ადამიანი, რომელიც თვითონ მოდის და ითხოვს ახალ აღთქმასო. მე კი, ამ მოკლე დროში 7 000-მა ადამიანმა მომწერა და გამოთქვა სურვილი იმისა, რომ ახალი აღთქმა მიმეტანა მათთან.

რამდენიმე დღის წინ, შენ დაწერე სოციალურ ქსელში, რომ ეძებდი ადამიანს, ბიზნესმენს, რომელიც დააფინანსებდა ამ საქმეს, გამოთქვა თუ არა სურვილი ვინმემ შენი დახმარების?

დამფინანსებელი ვიპოვე. პოსტის დადებიდან რამდენიმე წუთში მომწერა ადამიანმა, რომელიც 3500 ლარით დაგვაფინანსებს ივნისის თვეში და შემდეგ პერმანენტულად განაგრძობს დაფინანსებას.

გარდა ამისა, დამირეკა ბიჭმა, რომელმაც მითხრა, რომ დაბადების დღეზე დირექტორმა აჩუქა 90 ლარი და ამ თანხით შარვლის ყიდვას აპირებდა. ამ ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი და განაცხადა, რომ 70 ლარად იყიდის შარვალს და 20 ლარით დააფინანებს ჩვენს საქმეს, ეს კი რამდენიმე დაბეჭდილი ბიბლიის ტოლფასია.

დომენიკო, როგორ ფიქრობ, მიზანს, რომელიც ამ საქმის დასაწყისში დაისახე მიაღწევ?

რათქმაუნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება.

რა პრინციპით არჩევ ხალხს, რომლებსაც ბიბლიას ჩუქნი?

არანაირი პრინციპით არ ვარჩევ. ეს ხახლი თვითონ მირეკავს, ვიწერ მათ მისამართებს და მიმაქვს ადგილზე.

ბოლოსკენ, რომ მიმართო ხალხს და მიულოცო აღდგომა.

ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე ცოცხალი აღდგომა მაქვს, რაც კი ოდესმე მქონია. ვარ ძალიან ბედნიერი.

მე გარდაცვლილი მყავს ჩემი საყვარელი ბებია, რომლის სასაფლაოზე არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ მისვლას. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აღდგომას, ჩემგან განსხვავებით საფლავზე მიდიან, მიჩნდება სინდისის განცდის შეგრძნება და აღდგომა რომ ახლოვდება, ყოველთვის განვიცდი ხოლმე, თუმცა, ბიბლიის დარიგებამ ეს დააბალანსირა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გავდივარ მე ჩემი ბებიის საფლავზე, ვიტყვი, რომ ერთია ადამიანი გარდაიცვალოს და მეორეა, რომ გააცნობიერო სიკვდილი. მე არ მინდა სიკვდილის გაცნობიერება, გინდ საყვარელი ადამიანი იყოს, გინდ არასაყვარელი, სიკვდილს არ ვაღიარებ, ამიტომა არ მივდივარ მე საფლავზე. საერთოდ არაფერს ნიშნავს იმ მიწის დანახვა ჩემთვის, ჩემშია ცოცხალი ის მოხუცი ,საყვარელი ადამიანი.

ამ თემებზე ისაუბრა დომენიკ მანგომ dianews.ge-სთან.