"ისტორიაში პირველად" – საქართველომ რუმინეთის ნაკრები დაამარცხა





საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები რუმინეთს ესტუმრნენ და ისტორიის განმავლობაში პირველად დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მასპინძლები უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ და ლაზარე კუპატაძის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ყველაზე რეალური შანსი რუმინელებს 38-ე წუთზე ჰქონდათ. მასპინძლებმა საჯარიმო ნიშნულიდან ბურთი ხარიხას გაარტყეს, ეპიზოდის დასასრულს კი ჩვენმა გოლკიპერმა მეტოქეს ურთულესი ბურთი აუღო და საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა. 42-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა გრიგოლ ჩაბრაძესთან უხეშობის გამო მოედნიდან ფლორინ ტანასი გააძევა და „ჯვაროსნები“ რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდენ.

მეორე ნახევარში სანიოლის გუნდმა უპირატესობა ნელ-ნელა მოიპოვა. 57-ე წუთზე ფრანგმა სპეციალისტმა მოედანზე ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე შემოიყვანა, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს. 61-ე წუთზე კიტეიშვილმა ჯერ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო გოლი გაატანინა, 71-ე წუთზე კი ლობჟანიძემ გიორგი აბურჯანიას ასევე სადებიუტო გოლში საგოლე გადაცემა ჩაიწერა. თუმცა, მანამდე რუმინელებს ანგარიშის გათანაბრების 100%-იანი შანსი მიეცათ. 65-ე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო შეტევა წამოიღეს, რა დროსაც ჩვენს საჯარიმოში საბა კვირკველია ანდრეი ივანის წინააღმდეგ დაჯარიმდა. მატჩის არბიტრმა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კვირკველიას კი მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბედნიეროდ, რაზვან მარინმა პენალტი არაზუსტად შეასრულა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 0:1 ძალაში დარჩა. დარჩენილ დროში რუმინეთმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლო. ლაზარე კუპატაძის კარში გოლი ანდრეი ივანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.